ახალი ამბები

მილიონიანი ქონება პრეზიდენტის დედას 1 ლარად გადაეცა

20 აპრილი, 2012 • 2077
მილიონიანი ქონება პრეზიდენტის დედას 1 ლარად გადაეცა

კომპანიას, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის – გიული ალასანიას საკუთრებაშია, აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად – 1 ლარად მიყიდა ბათუმში საჯარო რეესტრის ყოფილი შენობა. ინფორმაციას ამის თაობაზე ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ავრცელებს.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ გასულ წელს აჭარის მთავრობის მიერ ბათუმში სიმბოლურ ფასად გაყიდული ობიექტების შესახებ ინფორმაცია მოიკვლია.

2011 წლის 5 დეკემბერს აჭარის მთავრობამ ბათუმში, ჯავახიშვილის 5-ში მდებარე 1556 კვ.მ შენობა-ნაგებობა და მასზე მიმაგრებული 987კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ქონების 1 მილიონზე მეტ ლარადაა შეფასებული) „საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლას” სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად მიჰყიდა. აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთი დირექტორია გიული ალასანია. იგი ასევე ფლობს 37.5%-იან წილს შპს “საქართველოს უნივერსიტეტში”, რომელიც არის “საქართველოს უნივერსიტეტის საშუალო სკოლის” 100%-იანი წილის მფლობელი.

ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, პრეზიდენტის დედის კომპანია იღებს ვალდებულებას, რომ 1 ლარად შეძენილ ობიექტში 12 თვის ვადაში (ეს ვადა იწურება 2012 წლის 5 დეკემბერს) აამოქმედოს 60 მოსწავლეზე გათვლილი საშუალო სკოლა და განახორციელოს არანაკლებ 500 ათასი ლარის ინვესტიცია. საშუალოს სკოლის ამოქმედებიდან 5 წლის ვადაში დაასაქმოს არანაკლებ 30 საქართველოს მოქალაქე.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის” მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ გასულ წელს აჭარის მთავრობამ სიმბოლურ ფასად 52 ობიექტი გაასხვისა პირდაპირი მიყიდვის წესით.

მასალების გადაბეჭდვის წესი