ახალი ამბები

რუსთავი 2-ის ადვოკატი: პარლამენტი ცდილობს, გადაწყვეტილების გამოცხადება გააჭიანუროს

25 აგვისტო, 2016 • 1279
რუსთავი 2-ის ადვოკატი: პარლამენტი ცდილობს, გადაწყვეტილების გამოცხადება გააჭიანუროს

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატის დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სარჩელის დავის მხარეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, მისი მიზეზით მოსამართლის აცილების საკითხის დაყენება საფუძველს მოკლებულია:

“ნიკა გვარამია საკონსტიტუციო სასამართლოში არ არის დავის მხარე, ის არ მონაწილეობდა პროცესზე და, შესაბამისად, მას არავითარი საკუთრებითი კავშირი ამ დავასთნ არ აქვს. ამასთან, მას არ უდგას დღის წესრიგში კონსტიტუციური უფლებების დარღვევა, ან მის აღდგენაზე არ მიდის საუბარი. სწორედ ამიტომ, ამ საფუძვლით აცილება არის უსაფუძვლო. რც შეეხება კონკრეტული მოსამართლეების შერჩევას, ესეც საინტერესოა. ზოგადად, ნიკა გვარამიას კავშირი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების აბსოლუტურ უმრავლესობასთან და საინტერესოა პარლამენტის პოზიცია, როდესაც ის სელექციურად არჩევს კონკრეტულ მოსამართლეებს და მათი აცილების საკითხს აყენებს. ვფიქრობთ, რომ ამით პარლამენტი ერთადერთი ცდილობს, რომ საქმის განხილვის დასრულება და გადაწყვეტილების გამოცხადება “რუსეთავი 2”-ის სარჩელზე გააჭინაუროს და ზეწოლა განახორციელოს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც ხელისუფლების სურვილებს არ ემორჩილებიან “,-  განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

საქართველოს პარლამენტი  რუსთავი 2-ის საქმეზე, ასევე, გიგი უგულავასა და  “კაბელების საქმეზე”, საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის აცილებას მოითხოვს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას შვილის ნათლიაა, სწორედ ამის გამო ითხოვს პარლამენტი აღნიშნულ საქმეზე კოპალეიშვილის აცილებას.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, პლენუმს მოსამართლეთა აცილების საკითხზე 23 აგვისტოს უნდა ემსჯელა, თუმცა სხდომა ჩაიშალა. საორგანიზაციო სხდომასთან დაკავშრებით ინფორმაციის მისაღებად “ნეტგაზეთი” საკონსტიტუციო სასამართლოს პრესსამსახურს დაუკავშირდა, სადაც ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთეს.

რუსთავი 2-ის საქმეების განხილვა უკვე დასრულებულია და მოსამართლეები სათათბირო ოთახში არიან გასული.

მასალების გადაბეჭდვის წესი