ახალი ამბები

ივანიშვილის ბოდიში [Video]

18 აპრილი, 2012 •
ივანიშვილის ბოდიში [Video]

“მე გპირდებით თქვენ, რომ ჩვენ აუცილებლად მოვალთ ოქტომბერში და ამ მოძალადე და ხალხის მოწინააღმდეგე ხელისუფლებას უარს ვეტყვით”, – ეს განცხადება “ქართული ოცნების” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ჭიათურაში ე.წ. “რეგრესის პენსიონერებთან” შეხვედრის დროს გააკეთა.

ივანიშვილმა დღეს არაერთხელ მოიხადა ბოდიში ჭიათურელების წინაშე, როგორც პირადად, ისე – ხელისუფლების ნაცვლად.

“მე შეიძლება ბოდიშის მოხდის სურვილიც გამიჩნდეს, რომ ვერ მოვახერხე თქვენი დახმარება… მე ვგრძნობ ჩემს წილ დანაშაულს, მე მეგონა, რომ ვაკეთებდი ჩემს გასაკეთებელს და საუბედუროდ ძალიან გვიან მივხვდი, რომ ისე არ უნდა მეკეთებინა. თურმე სათავე აქ არის უბედურების და მე მივიღე ეს გადაწყვეტილება და მინდა, რომ კარგად შეაფასოთ ეს”, – განაცხადა ივანიშვილმა.

“ქართული ოცნების” ლიდერმა “თაღლითობა” უწოდა ხელისუფლების პოლიტიკას რეგრესის პენსიონერების მიმართ, რომლებაც საწარმოო ტრავმები მიიღეს “ჭიათურმანგანუმში” მუშაობის დროს და რომელთა მიმართაც არსებული დავალიანების გასტუმრებაზე უარი თქვა ხელისუფლებამ.

“მამაჩემი მაღაროელი იყო, ჩემი სოფლელები, ძირითადად, მაღაროში მუშაობდნენ და მე ძალიან ბევრი მეზობელი  მყავს თქვენი მსგავსი: ზოგმა ხელი დაკარგა, ზოგმა ფეხი დაკარგა და არიან ისეთებიც, რომლებიც დაიღუპნენ… სააკაშვილის ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ თქვენთვის ზურგი შეექცია. როგორც მოგექცათ თქვენ ხელისუფლება და სააკაშვილი, ამას ჰქვია თაღლითობა, რამდენადაც სახელმწიფომ, რომელმაც გაყიდა სახელმწიფო საკუთრება – ჭიათურმანგანუმი, ჭიათურის მაღაროები და როდესაც სახელმწიფო ასხვისებს მას, ვალდებულია ყველა ვალდებულება, რომელსაც ვერ ასრულებს მყიდველი, აიღოს საკუთარ თავზე”, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, კოალიცია “ქართული ოცნება” აპირებს, რომ შეისწავლოს, ვინ არის “ჭიათურმანგანუმის” დღევანდელი მესაკუთრე.

ოფიციალური ინფორმაციით, “ჭიათურმანგანუმის” მფლობელი კომპანია “ჯორჯიან მანგანეზია”, რომლის დირექტორიც უკრაინის მოქალაქე ალექსანდრ ვიშნევსკია.

მასალების გადაბეჭდვის წესი