რამდენად რეალურია ისრაელის მხრიდან სამხედრო იერიშის მიტანა ირანზე, რა პოზიცია ექნებათ ასეთ შემთხვევაში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთის ფედერაციას და რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს საქართველოს? – ამ საკითხებთან დაკავშირებით ნეტგაზეთი „საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელს, ნიკა ჩიტაძესა და კავკასიის საკითხებში ექსპერტს, მამუკა არეშიძეს ესაუბრა.
„თუ მოხდა ირანზე სამხედრო ძალის თავდასხმა, ამ შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამერიკამ გამოიყენოს სახმელეთო ძალები. ამერიკა გამოიყენებს სამხედრო–საჰაერო ძალებს, მაგრამ არ მოხდება საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენება,” – აცხადებს ნიკა ჩიტაძე.
მისივე თქმით, აშშ სპარსეთის ყურეში განლაგებულ სამხედრო საჰაერო ბაზებს გამოიყენებს, რომლებიც განლაგებულია საუდის არაბეთის, ქუვეითის, ბაჰრეინის ტერიტორიაზე და ამიტომაც საჰაერო ფრენები სწორედ ამ ტერიტორიიდან (სპარსეთის ყურიდან) იქნება გამოყენებული.
ჩიტაძე დარწმუნებულია, რომ ამერიკა ეცდება, საქართველო არ იყოს ჩართული ამ ომში:
„რუსეთმა ეს შეიძლება გამოიყენოს საბაბად. რუსეთი ეცდება, სამხედრო ბაზა ქალაქ გიუმრიში დაიცვას იმიტომ, რომ საომარი მოქმედებები მიმდინარეობს იმ ქვეყნის სიახლოვეს, სადაც რუსული ბაზაა განთავსებული.”
„საერთაშორისო და უსაფრთხოების საკითხების კვლევის ცენტრის” ხელმძღვანელის თქმით, ირანის წინააღმდეგ ომი იქნება უკიდურესი მოქმედება, რომელიც შეიძლება იქნას გამოყენებული, რადგან ამ ტიპის საომარი მოქმედებების გაჩაღების შემთხვევაში ჩიტაძე ვარაუდობს, რომ მკვეთრად გაიზრდება ნავთობის ფასები, რაც ნეგატიურად იმოქმედებს ევროპისა და ამერიკის ეკონომიკიკურ მდგომარეობაზე.
იმის გამო, რომ აშშ-ში ახლა საარჩევნო პერიოდია, აშშ ყველანაირად შეეცდება თავიდან აიცილოს ომი ირანთან – ასეთია მამუკა არეშიძის პროგნოზი.
მისივე თქმით, თუკი ისრაელი მიიტანს სამხედრო იერიშს ირანზე, ეს იქნება იქნება მხოლოდ საჰაერო, რადგან „ისრაელს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ სახმელეთო ომი აწარმოოს ირანის წინააღმდეგ.”
ისრაელსა და ირანს შორის ომის შემთხვევაში მამუკა არეშიძე რეგიონში რუსეთის გააქტიურებას გამორიცხავს:
„მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ამ საქმეში აშშ–ც ჩაერთო და დაიწყო სახმელეთო ოპერაცია, მაშინ, დიდი ალბათობით, ეს იქნება კატასტროფა საქართველოსთვის”, – აცხადებს არეშიძე.
არეშიძის თქმით, თუკი აშშ ჩაერთვება ისრაელ-ირანის ომში, მასში არა მხოლოდ კავკასია, არამედ მთელი აზია აღმოჩნდება ჩართული, რომლის შედეგების პროგნოზირება ძალიან რთული იქნება.