ახალი ამბები

სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

24 აგვისტო, 2016 • 1576
სირიაში საბრძოლო მოქმედებებისას საქართველოს მოქალაქე დაიღუპა

სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი, 21 წლის სულთან გუმაშვილი დაიღუპა.

პანკისის სათემო რადიო WAY–ის ცნობით, 18 წლის ასაკში სულთან გუმაშვილი საქართველოდან სირიაში, ტერორისტული დაჯგუფების, ე.წ “ისლამური სახელწმიფოს” რიგებში საბრძოლველად თურქეთის გავლით 2013 წელს წავიდა. ის პანკისის სოფელ ჯოყოლოს საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა სკოლა არ დაუმთავრებია.

სირიაში სულთან გუმაშვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია რადიო “ვეის” დაუდასტურა პანკისის უხუცესთა საბჭოს ხელმძღვანელმა, დაღუპულის პაპის (ქისტი პოეტის სულეიმან გუმაშვილის) ძმამ, ზაურ გუმაშვილმა. სულთან გულაშვილის დაღუპვა “ნეტგაზეთს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც დაუდასტურეს.

ამ დრომდე სირიაში სულ საქართველოს 23 მოქალაქეა დაღუპული, რომლებიც  ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდნენ. მათ შორისაა თარხან ბათირიაშვილიც – “აბუ ომარ ალ-შიშანი”, – ადამიანი, რომელიც ISIS-ის ერთ-ერთი საბრძოლო მეთაურად ითვლებოდა.  თარხან ბათირაშვილი, იგივე “ჩეჩენი ომარი”, ერაყის ქალაქ მოსულის სამხრეთით იმყოფებოდა და სწორედ იქ ამოიღეს შტატების თვითმფრინავებმა მიზანში. მისი მოკვლის შესახებ არაერთხელ გავრცელდა ინფორმაცია, 2016 წლის აგვისტოში მისი დაღუპვის შესახებ ცნობა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.

მანამდე, ივლისში, სირიაში საბრძოლო მოქმედებების დროს  საქართველოს  მოქალაქე,  პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანის მკვიდრი, 26 წლის ბექხან (ბექა) ტოხოსაშვილი მოკლეს.


სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძვის ადამ გუმაშვილიც [ფაიზულა ალ-შიშანი], რომელიც, “დეილი ბისტის” ცნობით, ტერორისტული ორგანიზაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი პირია, როგორც ამბობენ, ე.წ “იუსტიციის მინისტრი”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი