ქართულმა და ამერიკულმა მხარეებმა განიხილეს საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების ფართო სპექტრი, მათ შორის, ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების პროცესი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
16 აპრილს ქ. ვაშინგტონში გაიმართა დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის მე-5 შეხვედრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში.
შეხვედრას საქართველოს მხრიდან თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიორგი ბოკერია და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე, ხოლო ამერიკული მხრიდან– ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი და სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეები –ერიკ რუბინი და ტომ მელია.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობა „ღია მმართველობის პარტნიორობის” ინიციატივის ფარგლებში და საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონებისათვის.
აღნიშნულ შეხვედრას წინ თბილისი– ვაშინგტონის ვიდეოკონფერენცია უსწრებდა. 12 აპრილს აშშ-ის საელჩოში დახურულ კარს მიღმა გაიმართა თბილისსა და ვაშინგტონს შორის ვიდეოკონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პირები და საქართველოს ოთხი ოპოზიციური პარტიის ლიდერები: ირაკლი ალასანია (”თავისუფალი დემოკრატები”), დავით უსუფაშვილი (”რესპუბლიკური პარტია”), გიორგი თარგამაძე (”ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”) და დავით გამყრელიძე (”ახალი მემარჯვენეები”).
საუბრის მთავარი თემა ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო პერიოდსა და მდგომარეობას შეეხო.
შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა 9 იანვარს ვაშინგტონში ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას. ქარტია წარმოადგენს უსაფრთხოებისა და თავდაცვის, ეკონომიკისა და ვაჭრობის, ენერგეტიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისა და ხალხთა შორის ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით ურთიერთობის უმნიშვნელოვანეს ჩარჩოს, რომელიც ეფუძნება ორ სახელმწიფოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის პრინციპებს, სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერას, დემოკრატიისა და სტაბილურობის განმტკიცებას.
ამავე თემაზე:
რაზე ისაუბრეს ოპოზიციის ლიდერებმა ვაშინგტონთან ვიდეოკონფერენციაზე