ახალი ამბები

NAEC: ინფორმაცია ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ ჯერ კიდევ მუშავდება

24 აგვისტო, 2016 • 3618
NAEC: ინფორმაცია ეროვნული გამოცდების შედეგების შესახებ ჯერ კიდევ მუშავდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, ინფორმაცია აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ხვალ, 25 აგვისტოს გამოქვეყნდება. ცენტრის განცხადებით, ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ამ დრომდე აბიტურიენტებმა მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიიღეს სიმართლეს არ შეესაბამება და ინფორმაცია ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია.

24 აგვისტოს, ღამით, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს აქვეყნებდა, თუმცა ცენტრმა მოგვიანებით განმარტა, რომ მონაცემების დამუშავებისას, მცირე ხნის განმავლობაში, აბიტურიენტები, რომლებიც აგზავნიდნენ სმს-სს ნომერზე 9333, ქულებთან ერთად დამატებით იღებდნენ დამუშავების პროცესში მყოფ ინფორმაციასაც. სერვისი მალევე გაითიშა.

“გამოქვეყნებამდე სავალდებულოა მონაცემების რამდენიმე ეტაპად შემოწმება. როდესაც მუშავდება ინფორმაცია, რაღაც დროის განმავლობაში სისტემაში არის ხელმისაწვდომი ინფორმაცია. იმ მომენტში, სანამ გათიშავდნენ სმს სერვისს, აბიტურიენტთა გარკვეულმა რაოდენობამ ნახა საკუთარი ქულები და ასევე შედეგი, მაგრამ საბოლოო ინფორმაცია ცნობილი გახდება 25 აგვისტოს,” – უთხრეს “ნეტგაზეთს” გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რაც შეეხება სმს-ის ღირებულებას და ჩამოეჭრათ თუ არა პროვაიდერის მომსახურების საფასური აბიტურიენტებს, ამაზე ცენტრში ინფორმაციას არ ფლობენ, თუმცა მათ ფეისბუკ გვერდზე აბიტურიენტები წერენ, რომ პასუხი სმს სახით არ მიუღიათ, მაგრამ მისი საფასური, 50 თეთრი ანგარიშიდან ჩამოეჭრათ.

გამოცდების ეროვნული ცენტრი ბოდიშს უხდის აბიტურიენტებს გაუგებრობის გამო.

მასალების გადაბეჭდვის წესი