“ირანის ბირთვული პროგრამა” [ბირთვული მოლაპარაკებები 2012] – ამ სათაურით ამერიკული გამოცემა The New York Times სტატიას აქვეყნებს. ტატია უკანასკნელი რამდენიმე თვის მანძილზე ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულ ურთიერთობებს ეხება.
“ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები აპრილის შუა რიცხვებში გაიმართება”, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კეტრინ ეშტონმა, რომელიც გერმანიის, საფრანგეთის, ინგლისის, ჩინეთისა და ამერიკის სახელით ირანთან მოლაპარაკებას აწარმოებდა. მოლაპარაკებაში, რომელიც აპრილის თვეში უნდა გაიმართოს, ორ მხარეს (ისრაელსა და ირანს)შორის მედიატორი სწორედ ეს ქვეყნები იქნებიან.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აპრილის მოლაპარაკებებს ირანისათვის “უკანასკნელი შანსი” უწოდა. მოლაპარაკების საფუძველზე მხარეები იმედოვნებენ, რომ ირანზე ზეწოლას მოახდენენ, რათა მან შეწყვიტოს ბირთვულ პროგრამაზე მუშაობა და მშვიდობიანი გზით მოაგვაროს დაძაბულობა ირანსა და ისრაელს შორის.
ექსპერტები არაერთგვაროვნად აფასებენ მოსალოდნელი მოლაპარაკების შედეგებს. ტრიტა პარსმა, ამერიკის შეერთებულ შტატებში ირანულ–ამერიკული ნაციონალური საკონსულოს პრეზიდენტმა, New York Times-ს განუცხადა, რომ წარუმატებელი მოლაპარაკებები ომის შესაძლებლობას გაზრდის.
ირანს დარჩენილ მსოფლიოსთან პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, რაც 2011 წლის ნოემბრის თვეში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ განცხადება გააკეთა , რომ არსებობდა დიდი ალბათობა იმისა, რომ ირანის მიერ ურანზე წარმოებული ცდები ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობას გაზრდიდა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, ირანი “ერთი ნაბიჯის” სიახლოვეშია მასობრივი განადგურების იარაღთან.
მიუხედავად ირანის ოფიციალური მთავრობის მტკიცებისა, რომ ცდები ურანზე მხოლოდ და მხოლოდ ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს მისაღებად სჭირდებოდა, მიმდინარე პროცესი ისრაელმა პირდაპირ საფრთხედ აღიქვა.
ურთიერთობა ირანსა და ისრაელს შორის განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც თებერვალში ინდოეთსა და საქართველოში ისრაელის საელჩოები ტერორისტული თავდასხმის ობიექტები გახდნენ. მომხდარში ისრაელმა ირანი დაადანაშაულა.
დაძაბული ურთიერთობების ფონზე მსოფლიო ისრაელის მხრიდან ირანზე სამხედრო იერიშის მიტანაზე ალაპარაკდა. ისრაელის მიზანს ირანის ქალაქ ქუმის მთებში არსებული მიწისქვეშა ბირთვული ლაბორატორიის, ფონდოს დაბომბვა წარმოადგენდა.
სიტუაციის განმუხტვის მიზნით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოკავშირე ქვეყნებთან ერთად, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდა. იანვრის თვეში სტამბულში ამერიკის, ინგლისის, საფრანგეთის და რუსეთის დიპლომატიური მისიები ჩავიდნენ, თუმცა რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები წარუმატებლად დასრულდა. ირანმა ბირთვული იარაღის საკითხზე მოლაპრაკებაზე უარი თქვა.
მომხდარის შემდეგ ისრაელი კონფლიქტის სამხედრო გზით მოგვარებაზე ალაპარაკდა. პენტაგონთან დაახლოებული სამხედროები მოსაზრებას გამოთქვამენ, რომ თუ ისრაელი ირანზე თავდასხმას გადაწყვეტს, ეს იქნება ფართომასშტაბიანი კომპლექსური ოპერაცია, რომელშიც ჩართული იქნება საჰაერო ძალები და 100–მდე თვითმფრინავი.
6 მარტს ამერიკის შეერტებული შტატების პრეზიდენტმა ისრაელის პრემიერ მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს მოუწოდა, თავი შეეკავებინა სამხედრო ოპერაციის განხორციელებისგან და ირანის მიმართ ეკონომიკური და დიპლომატიური სანქციები გაეტარებინა.
ისრეალში აპრილის მოლაპარაკებების შესაძლო შედეგს სკეპტიკურად აფასებენ. როგორც ისრალის მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, ისრაელი არ ელის, რომ ირანი ბირთვულ პროგრამას დახურავს. გამოცემები ამ მოსაზრებას ერთ მიზეზზე დაყრდნობით ავრცელებენ: ეს არის ირანის სურვილი, აჩვენოს მსოფლიოს საკუთარი სიძლიერე და ის ფაქტორი, რომ ირანი ანგარიშგასაწევი ძალაა. მოლაპარაკებებზე დათმობაზე წასვლის შემთხვევაში კი მას ეს გეგმა ჩაუვარდება.