როგორ დარჩნენ ქესალოელი გლეხები სახნავ-სათესი მიწების გარეშე და რა კავშირი აქვთ ამ საქმესთან პარლამენტარ არჩილ გეგენავასა და სოფლის მეურნეობის ყოფილ მინისტრ მიხო სვიმონიშვილს?
გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოს მცხოვრებნი ჩივიან, რომ მათი დამუშავებული, დახნულ-დათესილი ყანები ხელისუფლებამ გაყიდა, ახალმა პატრონმა კი მიწები მიმდინარე წლის მარტში ხელახლა გადახნა. ქესალოელი გლეხები ხელისუფლებისგან ალტერნატიულ მიწასა და უკვე გაყიდული მიწის სანაცვლოდ კომპენსაციას ითხოვენ. მათი თქმით, ერთი ჰექტარის დამუშავება 1000 ლარი დაუჯდათ. ქესალოელები ამბობენ, რომ მათ სოფელში 600 ჰექტრამდე მიწა გაიყიდა.
რეესტრის მონაცემებით ირკვევა, რომ გარდაბნის რაიონის სოფელ ქესალოში 15-მდე მიწის ნაკვეთი, რომელთა საერთო ფართი 500 ჰექტარს აღწევს, ერთ დღეს – 2011 წლის 23 დეკემბერს, სამწლიანი იჯარით აიღო შპს ”მარნეული აგრომ”. აღნიშნული კომპანიის მფლობელი სააქციო საზოგადოება ”მარგებელია”. ”მარგებელი” კი იმ ჰოლდინგის ნაწილია, რომელსაც სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი, მიხო სვიმონიშვილი ფლობს. ამავე ჰოლდინგს ეკუთვნის მარნეულის სასურსათო ქარხანა.
სოფელ ქესალოში ”მარნეული აგროსთვის” გადაცემული მიწები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2010 წლის დეკემბერში მიყიდა შპს ”აგროგანვითარებას”, რომლის მფლობელიც პარლამენტარ არჩილ გეგენავას ძმის, ანდრო გეგენავას კომპანია ”ფუდსერვისია”.
ეკონომიკის სამინისტრომ ”აგროგანვითარებას” ქესალოს მიწები იმ პირობით გადასცა, რომ კომპანიას საკუთრების გასხვისება, ან რაიმე ფორმით დატვირთვა სამინისტროს ნებართვის გარეშე არ შეეძლო. შესაბამისად, ”აგროგანვითარება” სამინისტროს გარეშე ქესალოს მიწებს იჯარით ვერ გადასცემდა მიხო სვიმონიშვილის კომპანია ”მარნეული აგროს”.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა თეა ბოლქვაძემ ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ კონკრეტული გარიგების შესახებ, თუ რა პირობით გადაეცა იჯარით 500 ჰექტარამდე მიწა ”მარნეული აგროს” და ერგებათ თუ არა რაიმე კომპენსაცია გლეხებს, ვერ ისაუბრებს. ბოლქვაძის განმარტებით, ამ საკითხზე ქესალოელმა გლეხებმა სამინისტროში განცხადება 10 აპრილს შეიტანეს და სამინისტროს სპეციალისტები უკვე მუშაობენ თემაზე, შესაბამისად, განმარტებებიც განცხადებაზე პასუხის გაცემის შემდეგ გაკეთდება.
”ისინი ამუშავებდნენ მიწას და იაფი პროდუქტით ამარაგებდნენ რუსთავსა და თბილისს. 2005 წელს დაიწყო მიწების პრივატიზაცია, შეიქმნა კომისია და მოსახლეობისგან, ჯამში, შეაგროვეს 56 ათასი ლარი, გლეხები კი მიწის გადასახადს იხდიდნენ ყოველწლიურად.
2006 წელს მათ გამოუცხადეს, რომ მიწის პრივატიზება შეჩერდა, ქესალოელები კი ამ მიწას 5 წლის მანძილზე ჩვეულებრივ ამუშავებდნენ. 2011 წლის დეკემბერსა და 2012 წლის იანვარში გლეხებს განუცხადეს, რომ მიწები, რომლებიც მათ სურდათ, გაყიდულია და ფულს უკან დაუბრუნებდნენ,”- განუცხადა ”ნეტგაზეთს’ ქესალოელი გლეხების ადვოკატმა ფრიდონ მაღრაძემ.
ადვოკატის თქმით, თითოეულ ოჯახს მიწის პრივატიზებისთვის 200-დან 700-ლარამდე ჰქონდა გადახდილი, თუმცა, უკან თანხა 40-50 ლარის დანაკლისით დაუბრუნეს და უთხრეს, რომ მათ ნოტარიუსის მომსახურების თანხა დააკლეს.
ფრიდონ მაღრაძის თქმით, გლეხებს, ჯამში, 150 ჰექტარი მიწა ჰქონდათ დამუშავებული, რომელიც გადაიხნა, თითოეული ჰექტრის დამუშავება კი 1000 ლარი დაუჯდათ.
”ვინ უნდა აუნაზღაუროს ეს თანხა გლეხებს? გამგეობაში გვითხრეს ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდაო,” – ამბობს ადვოკატი. მისივე ინფორმაციით, გლეხები აღნიშნული მიწებით იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობდნენ, ეს ხელშეკრულება კი ყოველწლიურად ხელახლა იდებოდა, წელს კი ხელშეკრულება ხელახლა არ დადებულა, თუმცა ქესალოელებმა მიწები დაამუშავეს.
”მიწები წაგვართვეს და მიწის გარეშე დარჩა სოფელი. 5 წლის წინ გვითხრეს, რომ ფულს თუ გადავიხდით, მიწა ჩვენი იქნებოდა, 5 წლის შემდეგ კი ფული უკან დაგვიბრუნეს
და მიწაც არ მოგვცეს. ხალხი ჩვენს სოფელში ახლა ძალიან გაჭირვებულად ცხოვრობს, სამუშაო ადგილები ჩვენთან არ არის, არც ქალები მუშაობენ და არც კაცები. რა უნდა გვააკეთოთ? ვიქურდოთ? ვითხოვთ, რომ ერთ ოჯახს 2300 კვადრატული მეტრი მიწა მაინც მოგვცენ, რომ ოჯახი ვარჩინოთ. თითოეულ ოჯახში 8 კაცი მაინც არის და ყველას შიმშილი ემუქრება. მიწა მოგვცენ, მეტი არ გვინდა არაფერი,” -განუცხადა ”ნეტგაზეთს” ქესალოს მკვიდრმა მოგამედ ისმაილოვმა.
ქესალოს მოსახლეობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან, ასევე, პრეზიდენტისგან, ინვესტორისთვის გადაცემული სახნავ-სათესი მიწის სანაცვლოდ კომპენსაციას და დასამუშავებელად ალტერნატიულ მიწას ითხოვს. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 24 მარტს, ეკონომიკის სამინისტროში კი 10 აპრილს შეიტანეს.
ქესალოელები ამბობენ, რომ ისინი არავის გაუფრთხილებია მოსალოდნელი აუქციონის შესახებ, თორემ მიწის იჯარით აღებას თავადაც შეეცდებოდნენ და წინასწარ მიწას არ დაამუშავებდნენ.
ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის თანამშრომელი ნატალი ციცვიძე აცხადებს, რომ ქესალოელი გლეხებისთვის მიწები არავის წაურთმევია და უკვე დამუშავებული ნაკვეთის ხელახლა გადახვნასაც უარყოფს. მისი თქმით, ინვესტორს მხოლოდ დაუმუშავებელი, ”მიგდებული” მიწა გადაეცა.
”ეს იყო სახელმწიფოს ბალანსზე არსებული დაუმუშავებელი მიწები. მაცხოვრებლებს საძოვრებიც დარჩათ და სახნავ-სათესი მიწებიც. იჯარით ვისაც ჰქონდა, მათ თავის დროზე ეს ნაკვეთები გამოისყიდეს. იმის დამამტკიცებელი აქვთ რამე, რომ დამუშავებული, იჯარით აღებული მიწები წაართვეს?” – ამბობს ნატალი ციცვიძე.
ერთი თვის წინ მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა საგარეჯოს რაიონის სოფელ იორმუღალოს მოსახლეობაც, რომელთა თქმითაც, იორმუღალოში 5 ათასი ჰექტარი მიწა ინვესტორმა შეიძინა და გლეხების მიერ ახლად დამუშავებული მიწა ხელახლა გადახნა.
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ჩალათაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში რამდენიმე თვის წინ აუქციონზე ნამდვილად გაიყიდა 5 ათასი ჰექტარი სახნავ-სათესი მიწის ფართობი. გამგებელი, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისგან განსხვავებით, დამუშავებული მიწის გადახვნის ფაქტს არ უარყოფს.
”ეს მიწები მოსახლეობის არ ყოფილა. ეს იყო ყოფილი საბჭოთა მეურნეობების მიწა, რომელიც გაიყიდა აუქციონზე და რომლის შეძენაც მოსახლეობას შეეძლო. მიწა 7 მილიონამდე ლარად იყიდა ბრიტანეთის მოქალაქე რაშიდ მანეშმა. მოსახლეობას ეს მიწები ჰქონდა მიტაცებული და ისინი არანაირი პირობით არ სარგებლობდნენ ამ მიწით. ინვესტორს ვურჩიეთ, მოსახლეობას მოსავალი მოეწია და მერე მოეხნა, მაგრამ მას ეჩქარებოდა სამუშაოების დაწყება და ამიტომ გადახნა და ჩვენ ამას ვერ დავუშლიდით. თუმცა გუშინ შევხვდით და ავუხსენით სიტუაცია. მან გამოთქვა მზადყოფნა, რომ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის გაწეულ ხარჯებს აუნაზღაურებს მოსახლეობას,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” გია ჩალათაშვილმა.
საგარეჯოს გამგებლის თქმით, ინვესტორმა, ჯერჯერობით, მხოლოდ 1000 ჰექტარი გადახნა, სადაც თესავს სიმინდს, სამომავლოდ კი აპირებს თხილის, ნუშისა და სასათბურე მეურნეობის განვითარებას. როგორც გია ჩალათაშვილი ამტკიცებს, მხოლოდ მიმდებარე სოფლებიდან 6 ათასამდე ადამიანის დასაქმება იქნება შესაძლებელი.
”საერთაშორისო გამჭვირალობა – საქართველოს” იურიტი ეკა ბოკუჩავა, რომელიც მიწის მესაკუთრეთა პრობლემებზე აქტიურად მუშაობს, ამბობს, რომ მისთვის ცნობილია გარდაბნის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემები მიწის საკუთრების კუთხით.
ეკა ბოკუჩავას განმარტებით, როცა იჯარის ვადა იწურება, უძრავი ქონება გადის აუქციონზე, ან გადადის სხვა მეიჯარეზე. კანონმდებლობა ითვალისწინებს, რომ აუქციონზე უპირატესი შესყიდვის უფლება აქვთ ძველ მეიჯარეებს, თუმცა, ამავე წესებით, აუქციონში გამარჯვებულად ის ცხადდება, ვინც უკეთეს პირობებს წამოაყენებს შესასყიდი ქონების სანაცვლოდ. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ვალდებულია, აუქციონამდე ერთი თვით ადრე განცხადება გამოაკრას როგორც გამგეობის შენობაში, ისე გამოაქვეყნოს გაზეთ ”24 საათში”. თუ უძრავი ქონება ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა, იურისტ ეკა ბოკუჩავას თქმით, ეს ადგილობრივებისთვის ცუდია, რადგან ინფორმაცია მათთან ვერ აღწევს.
”ერთადერთი გამოსავალი შეიძლება ის იყოს, რომ პირმა, ვინც შეისყიდის მიწას, შემდეგ გადასცეს მოსახლეობას ნაკვეთები იჯარით, თუმცა ამაში ხალხს ისევ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს. თუ მიწის გარეშე რჩება ადამიანი, მაშინ სოფლის არსებობასაც აზრი ეკარგება. თუ ვსაუბრობთ იმაზე, რომ სოფელი უნდა განვითარდეს, სახნსავ-სათესი მიწისა და საძოვრის გარეშე ეს როგორ უნდა მოხდეს? ასეთ შემთხვევაში აზრს კარგავს სოფლის განვითარების პროგრამაც,” – უთხრა ”ნეტგაზეთს” ”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” იურისტმა ეკა ბოკუჩავამ. მისივე თქმით, ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ მოსახლეობას ალტერნატიული მიწები გადაეცეს და ისინი შემოსავლის წყაროს გარეშე არ დარჩნენ.
მასალა მომზადებულია ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის – “რეგიონული საკითხების გაშუქება” – ფარგლებში. მასალის შინაარსი არ გამოხატავს ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მოსაზრებებს და შეხედულებებს და მასზე მთლიანად პასუხისმგებელია გაზეთი “ბათუმელები” | ნეტგაზეთი. |