გიუმრიში ოჯახის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულ რუს ჯარისკაცს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

დღეს, 2016 წლის 23 აგვისტოს, გიუმრიში, რუსულ სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე არსებულმა სასამართლომ ავეტისიანების ოჯახის მკვლელობის ბრალდებით გასამართლებულ რუსეთის სამხედრო ნაწილის ჯარისკაცს, ვალერი პერმიაკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

სასამართლომ პერმიაკოვი დამნაშავედ ცნო  თავდასხმისა და საზღვრის უკანონო კვეთის მცდლობის მუხლებშიც.

პერმიაკოვის სასამართლო პროცესი 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. 2016 წლის 12 აგვისტოს პროკურორმა სასჯელის სახით უვადო პატიმრობა მოითხოვა.

მანამდე ვალერი პერმიაკოვს რუსულმა სასამართლომ 10 წლით თვისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დეზერტირობისა და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებებით.

ბოლო სასამართლო სხდომაზე უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაძლიერებული იყო. განაჩენი მოკლული ოჯახის წევრების ახლობლების დაუსწრებლად გამოაცხადეს. სასამართლო სხდომების პროცესში მოკლული ოჯახის ახლობლები და საზოგაოდება მუდმივად აპროტესტებდა იმ ფაქტს, რომ სხდომები რუსული 102-ე ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

12 იანვარს, ღამით, ქალაქ გიუმრიში ავეტისიანების ოჯახის ექვსი წევრი მოკლეს. ერთდროულად დაიღუპა ოჯახის სამი თაობა. ყველაზე უფროსი 56 წლის იყო, უმცროსი – 2 წლის. ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრი, ექვსი თვის სერჟ ავეტისიანი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, ერევანში 19 იანვარს გარდაიცვალა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
არმინე ავატისიანი არის ჟურნალისტი სომხეთში. ის მუშაობს 1in.am -ში და პერიოდულად თანამშრომლობს ნეტგაზეთთან 2016 წლის მაისიდან