საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს სახალხო დამცველის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, საკაბელო მაუწყებლობისთვის ლიცენზიის მოპოვება საჭირო აღარ იქნება, თუმცა სარჩელი არ დაკმაყოფილდა თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით.
საქმე ეხებოდა “მაუწყებლობის შესახებ კანონის” რამდენიმე დებულების არაკონსტიტუციურად ცნობას, კონკრეტულად კი სადავო იყო ნორმები საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზირებასთან დაკავშირებით.
სახალხო დამცველი არ ამართლებს საკაბელო ტელევიზიის ლიცენზირებას და მიაჩნია, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება ყველაზე ეფექტურად რეალიზდება მაუწყებლობის მეშვეობით.
“ლეგიტიმური საჯარო მიზანი, რომელიც გაამართლებდა სახელმწიფოს მიერ ამგვარ ქმედებასა და მაუწყებლისთვის ამგვარი იურიდიული ბარიერების დაწესებას, არ არსებობს, რადგან ამ ტიპის მაუწყებლობა არ არის დამოკიდებული ბუნებრივად ამოწურვად რესურსებზე”, – აღნიშნულია სახალხო დამცველის 2010 წლის საპარლამენტო ანგარიშში.
საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, საკაბელო და თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზირების სისტემა არაკონსტიტუციურია, რადგან:
“ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლების შეზღუდვა დასაშვებია როგორც უკიდურესი ზომა, რომელიც მხოლოდ მკაცრად შეზღუდულ შემთხვევებში გამოიყენება სხვა თანაბარზომიერი სიკეთის გადასარჩენად, რომელთა ამომწურავ სიას თვით კონსტიტუცია განსაზღვრავს და ასეთად მხოლოდ: 1) სახელმწიფო უშიშროებას; 2) ტერიტორიულ მთლიანობას; 3) საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას; 4) დანაშაულის თავიდან აცილებას; 5) სხვათა უფლებებსა და ღირსებას; 6) კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან აცილებას ან 7) სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველყოფას მიიჩნევს.“
სასამართლომ გაიზიარა სახალხო დამცველის (მოსარჩელის) არგუმენტი და ამგვარი რეგულირება არანაკლებ ეფექტური, თუმცა ნაკლებად შემზღუდავი ხასიათის იქნება.
თანამგზავრული საშუალებით მაუწყებლობასთან დაკავშირებით კი საკონსტიტუციო სასამართლომ ჩათვალა, რომ “სისტემით მაუწყებლობის ლიცენზირება, ლიცენზიის გაცემის წესი და, აგრეთვე, გაცემული ლიცენზიის მოდიფიცირების ვალდებულება სახელმწიფოს, როგორც საერთაშორისო ურთიერთობების პასუხისმგებლიანი სუბიექტის, უფლებამოსილებიდან გამომდინარეობს და შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის 24-ე მუხლთან, – ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.”