ახალი ამბები

„თავისუფლების მოედანი“ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში

11 აპრილი, 2012 • 1435
„თავისუფლების მოედანი“ თვითაღიარებულ რესპუბლიკაში

ალა ჯიოევა
ალა ჯიოევა

ოსური ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციისთვის დოკუმენტების პირველი პაკეტი იუსტიციის სამინისტროში უკვე შეიტანა. „ოსეთი–თავისუფლების მოედანი“ – ასე ერქმევა პარტიას, რომელსაც  ჯიოევა მეგობრებთან ერთად აფუძნებს.

ინფორმაცია გუშინ გავრცელდა და მას შემდეგ ოპოზიციის ლიდერის სახლთან ხალხის ნაკადი არ შეწყვეტილა. მასთან ის ადამიანები მიდიან, ვინც მარტის ე.წ. საპრეზიდენტო განმეორებით არჩევნებს უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს. მათი აზრით, ყველა ის ადამიანი უნდა გაერთიანდეს ახალი პარტიის გარშემო, ვინც გასული წლის ნოემბერ–დეკემბერში  პროტესტის გამოსახატად ცხინვალის ცენტრალურ მოედანზე გამოვიდა.

ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის მიზანია საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა და გამარჯვება, მომავალში კი უკვე საპრეზიდენტო არჩევნებისთვის მომზადება. ჯიოევას თანამებრძოლი ბატრაზ ძუცათი ამბობს, რომ ახალი პარტია რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე მალე სერიოზულ გავლენას მოახდენს.  

ამჟამად ალა ჯიოევა და მისი მეგობრები პარტიის წესდებაზე მუშაობენ. ყველა იურიდიული პროცედურის მოწესრიგების შემდეგ, უახლოეს მომავალში პარტიის დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება. ჯიოევას აზრით, ახალი ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობას არ წააწყდება. გარდა ამისა, იგი მოითხოვს, ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასება მისცეს ნოემბერ–დეკემბრის მოვლენებს, უმაღლესი სასამართლოს მოქმედებას და მისი შტაბის ძალისმიერი მეთოდებით ხელში ჩაგდებას. ჯიოევას აზრით, თიბილოვს ამის გაკეთების არ უნდა შეეშინდეს. 

ექსპერტების აზრით, ახალი პარტიის გამოჩენა დე ფაქტო რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში კარგი ნიშანია, რაც ხელს პოლიტიკური კონკურენციის გაზრდას და სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას შეუწყობს. კოკოითის მმართველობის პერიოდში დე ფაქტო რესპუბლიკაში რეგისტრაცია მხოლოდ რამდენიმე პარტიას ჰქონდა, ამ პარტიებზე კონტროლსაც ექსპრეზიდენტის კლანი ახორციელებდა. ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური ძალის დარეგისტრირება კი შეუძლებელი იყო. 

თვითაღიარებული რესპუბლიკის პოლიტიკურ სცენაზე „თავისუფლების მოედანი“ ჩნდება. სხვა პოლიტიკოსებიც პოლიტიკური ორგანიზაციების შექმნაზე უკვე ფიქრობენ. ანალიტიკოსების აზრით კი, ასეთი სიჩქარე შესაძლოა ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდებოდეს. ეს ყველაფერი კი თიბილოვის ინაუგურაციის შემდეგ გამოჩნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი