ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისის ცენტრალურ გამზირზე, რუსთაველზე ორი სახლი დაიწვა და ორი ადამიანი დაიღუპა. ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ამ დრომდე არ დასრულებულა.
რუსთაველის #14-ში ხანძარი 22 მარტს მოხდა, რუსთაველის #23-ში კი – 8 აპრილს. უკანასკნელი შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა და მას კორპუსის ბოლო სართულზე მცხოვრები ცოლ-ქმარი შეეწირა, მათი მცირეწლოვანი შვილი კი ძლიერი დამწვრობით მკურნალობს.
ხანძრის შედეგად, რომელიც 8 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე გაჩნდა, 28 ოჯახი დაზარალდა. მათი საცხოვრებელი სახლის ნარჩენებისგან თბილისის მერიის წარმომადგენლებმა ტერიტორია იმ დღესვე გაწმინდეს და იმავე დღეს გახდა ცნობილი ქალაქის მთავრობის გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ადგილზე ახალი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება.
თუმცა, როგორც ირკვევა, თბილისის მერიის, ძველი თბილისის გამგეობის წარმომადგენლები აღნიშნულ კორპუსს ხანძრამდე ჯერ კიდევ ორი კვირით ადრე სტუმრობდნენ:
“რატომღაც ისე დაემთხვა, რომ ორი კვირის წინ აქ ვიყავით შემოწმებაზე მოსულები. შენობის ზოგადი შესწავლა და დათვალიერება იყო,“ – უთხრა “ნეტგაზეთს” ძველი თბილისის გამგებლის მოადგილემ ბესიკ ჯიმშელაძემ.
ხანძრისგან დაზარალებულები ამბობენ, რომ გაცილებით ადრე, დაახლოებით ერთი წლის წინ მათთან ინვესტორი მივიდა, რომელიც დაინტერესებული იყო რუსთაველის 23 ნომერში მდებარე შენობით, თუმცა საბოლოოდ მოსახლეობასთან პირობებზე შეთანხმება ვერ შედგა.
„დეველოპერებს და ინვესტორებს ბოლო წლებში ძალიან დიდი გამოცდილება დაუგროვდათ ქალაქის ცენტრალური უბნების ძველ ბინებში მცხოვრებლებთან ურთიერთობით. იციან, რომ ორივე მხარისთვის მისაღებ პირობებზე მოლაპარაკება რთულია. ასეთი ინციდენტების შემდეგ კი გაცილებით უმარტივდებათ ინვესტორებს საქმე,“ – ამბობს რუსთაველის #23-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული თეიმურაზ ბრეგაძე.
დაზარალებულები ამბობენ, რომ ხანძრამდე რამდენიმე დღით ადრე რუსთაველის #23-ში “თელასის” წარმომადგენლებმა ძაბვის მომატების მიზნით ტრანსფორმატორი შეცვალეს, რის შემდეგაც კორპუსში ელექტროენერგიასთან დაკავშირებული პრობლემები კიდევ უფრო გაუარესდა. მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ ხანძარი სწორედ ამან გამოიწვია.
“თელასში” ადასტურებენ, რომ რუსთაველის #23-ში კომპანიის წარმომადგენლები მართლაც მივიდნენ და განახორციელეს სარემონტო სამუშაოები:
„ეს იყო გეგმიური სარემონტო სამუშაოები, რომელიც ერთი კვირით ადრე ჩატარდა ხანძრამდე. შემოწმდა ყველაფერი, ტრანსფორმატორის ვარგისიანობა და ა.შ. დანარჩენს გამოძიება დაადგენს,“- აცხადებენ “თელასში”.
გამოძიება რუსთაველის #23 მომხდარი ხანძრის გამო სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლის მესამე პუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გაუფრთხილებლობით, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
შს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი ზურაბ გვენეტაძე ნეტგაზეთთან საუბარში ამბობს, რომ წინასწარი ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენებიდან გაჩნდა:
„თუმცა რეალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს,“- აცხადებს გვენეტაძე.
გამოძიება მიმდინარეობს რუსთაველის #14-ში მომხდარ ხანძართან დაკავშირებითაც. მოსახლეობის თქმით, ხანძრის მიზეზი, შესაძლოა, საცხოვრებელი სახლების ქვემოთ განთავსებული ფეხსაცმლის შეკეთების ჯიხურში დარჩენილი სანთელი იყო, თუმცა საბოლოო სიტყვა გამოძიებაზეა.
დაზარალებულ მოსახლეობას ეჭვი აქვს, რომ დროის მოკლე პერიოდში ქალაქის ცენტრალურ გამზირზე ზედიზედ ორი ხანძარი უბრალო დამთხვევა არ უნდა იყოს.
რუსთაველის #14-ში, იტალიური ეზოში 22 მარტს მომხდარი ხანძრის შედეგად 100 კვ. მეტრი ფართობი დაიწვა და სამი ოჯახი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. დაზარალებულთა შორის აღმოჩნდა ყოფილი პარლამენტარი ვალერი გელაშვილი.
გელაშვილს ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. მას საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან ურთიერთობა 7 წლის წინ დაეძაბა, როდესაც ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის და მისი ოჯახის საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთა. ამ ინტერვიუს შემდეგ 2005 წლის 14 ივლისს გელაშვილს უცნობი პირები დაესხნენ თავს და სასტიკად სცემეს. თუმცა ინტერვიუმდე გელაშვილსა და მოქმედ ხელისუფლებას შორის ფინანსური დავა იყო პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე გელაშვილის საკუთრებაში არსებული სახლის გამო, რომელშიც, ამ უკანასკნელის თქმით, ხელისუფლებამ სრულად არ გადაუხადა მას ის თანხა, რაზეც იყო შეთანხმება.
2006 წლის მარტში კი თბილისის მერმა გიგი უგულავამ ეჭვი გამოთქვა, რომ თბილისის #84 საჯარო სკოლაში გაჩენილი ხანძრის უკან ვალერი გელაშვილის ბიზნესკომპანიის ინტერესი იდგა. ამის შემდეგ გელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტეს.
რუსთაველის #14-ში, დამწვარი ბინების ადგილას ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც მშენებლობის ზადამხედველი ამბობს, სარემონტო სამუშაოების საფასურს ვალერი გელაშვილი ფარავს.
რუსთაველის #24-ში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს თბილისის მერიაში პირდებიან, რომ ახალი სახლი, რომელიც მათი ძველი კორპუსის ადგილზე უნდა აშენდეს, გაცილებით უკეთესი შენობა იქნება:
„ეჭვი მაქვს საფუძვლიანი, რომ ამ ადგილას მაღალსართულიან შენობას ააშენებენ. მით უმეტეს, შენობების აშენების პრაქტიკა არის უკვე რუსთაველზე. ძალიან არ მესიამოვნება, რომ აქ ამაზე დიდი კორპუსი აშენდეს,“- ამბობს რუსთაველის #23-ში ხანძრის შედეგად დაზარალებული თეიმურაზ ბრეგაძე.
პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა აშენდეს ახალი კორპუსი, ჯერ არ არსებობს, თუმცა “თბილისის განვითარების ფონდში” ირწმუნებიან, რომ პროექტს მომავალ კვირაში აუცილებლად წარადგენენ.
იმის გამო, რომ რუსთაველის 23 ნომერში მდებარე სახლი სარეაბილიტაციო შენობა-ნაგებობათა ნუსხაში შედის, სამშენებლო სამუშაოებს „თბილისის განვითარების ფონდი“ განახორციელებს.
“სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი არ გამოცხადდება. როგორც აღმაშენებლის რეაბილიტაციის დროს, ამ შემთხვევაშიც სამუშაოებს “თბილისის განვითარების ფონდი” განახორციელებს,“ – აცხადებენ მერიის პრესსამსახურში.
დაზარალებულ ოჯახებს გუშინ, 10 აპრილს, “თბილისის განვითარების ფონდში” ხელშეკრულებები დაახვედრეს, რომლის მიხედვით, 2012 წლის 31 დეკემბრამდე ფონდი თითოეულ ოჯახს ყოველთვიურად საცხოვრებლის დასაქირავებლად 400 ლარს გადაუხდის.
2012 წლის ბოლოდან კი, ხელშეკრულების თანახმად, ფონდმა მესაკუთრეები ძველ მისამართზე [რუსთაველის #23-ში] გაუმჯობესებული საცხოვრებელი ბინებით უნდა უზრუნველყოს.