ახალი ამბები

გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები შეიცვალნენ

22 აგვისტო, 2016 • 2813
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები შეიცვალნენ

გენერალური შტაბის უფროსის, ვახტანგ კაპანაძის მოადგილეები შეიცვალნენ. ომარ ბეგოიძე და ნიკოლოზ აგლაძე, რომლებიც აღნიშნულ თანამდებობებზე თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს დაინიშნენ, ამჟამად თავდაცვის უწყების კადრების განკარგულებაში არიან და შემოთავაზებას ელოდებიან. ვახტანგ კაპანაძის მოადგილეები კი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გიორგი სურმავა იქნებიან.

“ბატონი ლადო [ვლადიმერ ჩაჩიბაია] ბრუნდება მისიიდან და დაიკავებს თავის თანამდებობას. მეორე თანამდებობას რაც შეეხება, მე ვთვლი, რომ ამ ეტაპზე გენერლური შტაბის უფროსის მოადგილეები სასურველია და მიზანშეწონილია, რომ იყვნენ გენერლები, რომელთაც აქვთ საკმაოდ დიდი გამოცდილება და საკმაოდ დიდი წვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობაში. რომ არ მოვახდინოთ ამის არც ზედმეტი პოლიტიზება, ამ საკითხების აჟიტირება, ეს პიროვნებები ხომ დაინიშნენ, მაშინ ხომ არ დასმულა საკითხი, ყოფილი მინისტრის კადრებიდან იწმინდება თუ არ იწმინდება, ხომ? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ჩვეულებრივი რიგითი ღონისძიებები, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს შეიარაღებულ ძალებში, ზოგი ინიშნება, ზოგი სხვა ადგილას გადადის”,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ 19 აგვისტოს “რუსთავი 2”-თან სატელეფონო საუბრისას.

“ნეგაზეთი” შეეცადა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ კაპანაძეს დაკავშირებოდა და შეკითხვები უშუალოდ მისთვის დაესვა, მათ შორის გეგმურია თუ არა აღნიშნული როტაცია და დროის რა ინტერვალით ხორციელდება ამგვარი ცვლილებები, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.

სწორედ კაპანაძემ წარუდგინა მოადგილეების კანდიდატურები თავდაცვის ახალ მინისტრს, ლევან იზორიას. მისი თქმით, გენშტაბის მოადგილეების ცვლილება პოლიტიკური გადაწყვეტილება არაა.

“ეს არ არის გათავისუფლება, ეს არის მორიგი როტაცია, წარდგინება გააკეთა თავად გენშტაბის ხელმძღვანელმა, მე მას ნდობას ვუცხადება და, შესაბამისად, ჩემ მიერ იქნა მოწონებული. მინისტრი ერთპიროვნულად არ წყვეტს ამ საკითხს, ეს არ არის პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული, ეს არის პროფესიონალი სამხედროების, გენშტაბის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ კანონით სწორედ მას აქვს წარდგენის უფლება, თავისი მოადგილეების შეცვლისა, მათ შორის როტაციით”,- განაცხადა იზორიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა თავად ომარ ბეგოიძესაც, რომელმაც აღნიშნულ საკითხზე საუბარი არ ისურვა და შეკითხვებით თავდავის უწყებასთან გადაგვამისამართა:

“ხელმძღვანელობას მიმართეთ და ისინი განგიმარტავენ, რა გახდა გათავისუფლების მიზეზი. მე არ მინდა ახლა ამ თემაზე საუბარი”,- ამბობს ბეგოიძე.

ომარ ბეგოიძე წოდებით პოლკოვნიკია, იგი გენშტაბის ხელმძღვანელის პირველი მოადგილის პოსტზე თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს დაინიშნა, მანამდე კი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-5/9 სტრატეგიული დაგეგმვის, სამხედრო პოლიტიკისა და სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსი იყო. თინა ხიდაშელის მინისტრობის დროს დაინიშნა ნიკოლოზ აგლაძეც გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობაზე, მანამდე კი ეროვნული თავდაცვის აკადემიის კომენდანტი და დიდ ბრიტანეთში სამხედრო ატაშე იყო.

რაც შეეხება მათ შემცვლელებს, სწორედ ვლადიმერ ჩაჩიბაია იკავებდა ვახტანგ კაპანაძის პირველი მოადგილის თანამდებობას, სანამ მას ომარ ბეგოიძე შეცვლიდა. ცვლილების შემდეგ ჩაჩიბაია თავდაცვის ეროვნული აკადემიის რექტორად დაინიშნა, ხოლო მოგვიანებით, ავღანეთში გაეროს დამხმარე მისიის უფროსი სამხედრო მრჩეველი გახდა.  იგი წოდებით გენერალია. რაც შეეხება გიორგი სურმავას, წოდებით ისიც გენერალია და აქამდე შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯ-3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი