ცხინვალში ახლადარჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის, ლეონიდ თიბილოვის ინაუგურაცია 19 აპრილს გაიმართება. სამხრეთ ოსეთის ცესკოს მონაცემებით, არაღიარებულ რესპუბლიკაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სწორედ მან გაიმარჯვა.
დე ფაქტო რესპუბლიკის ცესკომ საბოლოო მონაცემები გუშინ, 9 აპრილს, საღამოს გამოაქვეყნა. ცხინვალის რეგიონში ამომრჩეველთა აქტივობამ 71.26% შეადგინა, აქედან ხმების 54.12% მიიღო ლეონიდ თიბილოვმა(15 786 ხმა), დავით სანაკოევმა – 42.65%(12 439 ხმა). ყველა კანდიდატის საწინააღმდეგოდ ხმა მისცა 0.96%-მა(279 ხმა).
სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს განმეორებით ჩატარდა, რომელშიც ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა საბოლოო შედეგებით, რომლითაც ორი კანდიდატი დაწინაურდა (42% მიიღო თიბილოვმა და 24% – დავით სანაკოევმა), დაინიშნა მეორე ტური, რომელიც 8 აპრილს გაიმართა.
სამხრეთ ოსეთში განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა იმის გამო, რომ გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები უკანონოდ ცნო სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ. აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა საავადმყოფოდან 24 მარტს გაუშვეს. ის ჰოსპიტალიზებული იქნა მიმდინარე წლის 9 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან ტრავმა მიიღო მის ოფისზე სამართალდამცავების მიერ განხორციელებული შტურმის დროს. ჯიოევა თვითინაუგურაციას აპირებდა, თუმცა წინა დღით მის ოფისში სპეცოპერაცია განხორციელდა, რა დროსაც თავის არეში მიიღო ტრავმა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.