“ეროვნული ფორუმის” ერთ-ერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე არ გამორიცხავს, რომ ქუთაისში კოალიცია “ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გახდეს.
„ქუთაისი უნდა მოვიგოთ! უნდა მოვიგოთ ჩვენ, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც სია, ისე – მაჟორიტარული არჩევნები. უმეტესწილად დასავლეთ საქართველოში, იმერეთში და განსაკუთრებით, ქუთაისში ვიქნები. სადაც იქნება საჭირო და როგორც კოალიცია გადაწყვეტს, მზად ვარ, იქ წავიდე იმიტომ, რომ მე არ გამოვირჩევი მაინცდამაინც ინერტულობით ამ საქმეში”, – აცხადებს გუბაზ სანიკიძე.
გუბაზ სანიკიძემ წინა, 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებში უკვე მოსინჯა საკუთარი ძალები, როგორც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა “გაერთიანებული ოპოზიციიდან”, თუმცა მან კონკურენცია ვერ გაუწია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს აკაკი ბობოხიძეს და მხოლოდ ხმების 19.5%-ის მოგროვება მოახერხა.
დღეს ქუთაისში “ქართული ოცნების” ოფისი სწორედ გუბაზ სანიკიძემ გახსნა. მას თან ახლდნენ – “ქართული ოცნების” საინიციატივო ჯგუფის წევრი ელისო ჩაფიძე და “რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენელი პაატა ზაქარეიშვილი.
„ხვალ ოფისი ზესტაფონში გაიხსნება, უახლესი ერთი კვირის განმავლობაში კი ვგეგმავთ 50 ოფისის გახსნას. ასე რომ, თვის ბოლოსთვის ჩვენ მოვიცავთ მთლიანად საქართველოს და დაიწყება “ქართული ოცნების” აქტიური საქმიანობა,“ – განაცხადა ელისო ჩაფიძემ.
კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელად გელა გაბადაძე დაინიშნა, რომელიც ადრე ეროვნულ-მოძრაობაში იყო ჩართული, მოგვიანებით კი ქუთაისის საკრებულოს წევრიც იყო.
“ჩვენ გვყავს გამოცდილი ხალხი და შევძლებთ წარმატების მიღწევას არჩევნებში, დანარჩენს საქმე გვიჩვენებს,” – განაცხადა გელა გაბადაძემ.
“ქართული ოცნების” ქუთაისის ოფისის დღევანდელ პრეზენტაციაზე ითქვა, რომ ქუთაისში ჩასვლასა და მოსახლეობასთან შეხვედრას ახლო მომავალში პირადად ბიძინა ივანიშვილი გეგმავს.