
იუსტიციის სახლის მშენებლობა ლაზიკაში დაიწყო. Livepress.ge-ის ინფორმაციით, იუსტიციის სახლი სოფელ ანაკლიის „პატრიოტთა ბანაკის“ სიახლოვეს შენდება, ასევე, ლაზიკამდე მისასვლელი საავტომობილო გზის ნაწილი ეკალბარდებისგან გაკაფულია, ახალი ქალაქის მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის დანარჩენი ნაწილი კი -ჭაობიანი ტყეა.
ახალი ქალაქის – ლაზიკას მშენებლობის შესახებ ინიციატივა პრეზოდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 2011 წლის 5 დეკემბერს ზუგდიდში გააჟღერა:
“10 წელიწადში ლაზიკა, თბილისის შემდეგ, სიდიდით მეორე ქალაქი იქნება, მინიმუმ ნახევარმილიონიანი მოსახლეობით”, – განაცხადა სააკაშვილმა.
2012 წლის 17 იანვარს, მარტვილში ახალი საავადმყოფოს გახსნისას, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ლაზიკას მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყებოდა:
”რამდენიმე დღეში ლაზიკასათვის განკუთვნილ ტერიტორიაზე შევა მძიმე ტექნიკა და დაიწყება ჭაობების დაშრობა,”-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
მიმდინარე წლის მარტში მთავრობის სამოქმედო პროგრამაში “საქართველო სიღარიბის გარეშე” ლაზიკას აშენების შესახებ ინიციატივა აისახა. პროგრამაში აღნიშნულია, რომ მალე ლაზიკას ეკონომიკური ზონის შესახებ კანონპროექტი მომზადდება და პარლამენტში შევა.
3-5 აპრილს იუსტიციის სამინისტროში ჩატარდა კონფერენცია, რომელიც ქალაქ ლაზიკის კონცეფციის შემუშავებას მიეძღვნა. სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ იუსტიციის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების წარმომადგენლები, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ამერიკელი ექპერტები, აგრეთვე, თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები.






