სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ლეონიდ თიბილოვმა გაიმარჯვა. საბოლოო შედეგებს ცხინვალის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს გამოაცხადებს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, თიბილოვმა ხმების 53.74% მიიღო, ხოლო მისმა მოწინააღმდეგემ, დავით სანაკოევმა – 42.98%.
სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 მარტს განმეორებით ჩატარდა, რომელშიც ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა, თუმცა საბოლოო შედეგებით, რომლითაც ორი კანდიდატი დაწინაურდა (42% მიიღო თიბილოვმა და 24% – დავით სანაკოევმა), დაინიშნა მეორე ტური, რომელიც გუშინ, 8 აპრილს გაიმართა.
სამხრეთ ოსეთში განმეორებით ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა იმის გამო, რომ გასული წლის ნოემბერში ჩატარებული არჩევნები უკანონოდ ცნო სამხრეთ ოსეთის უზენაესმა სასამართლომ. აღნიშნულ არჩევნებში გამარჯვებული ალა ჯიოევა საავადმყოფოდან 24 მარტს გაუშვეს. ის ჰოსპიტალიზებული იქნა მიმდინარე წლის 9 თებერვალს, მას შემდეგ, რაც მან ტრავმა მიიღო მის ოფისზე სამართალდამცავების მიერ განხორციელებული შტურმის დროს. ჯიოევა თვითინაუგურაციას აპირებდა, თუმცა წინა დღით მის ოფისში სპეცოპერაცია განხორციელდა, რა დროსაც მან თავის არეში მიიღო ტრავმა და გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში.