ახალი ამბები

ხანძარი მსხვერპლით [Video]

8 აპრილი, 2012 • 1255
ხანძარი მსხვერპლით [Video]

რუსთაველის #23-ში მდებარე კორპუსში, როგორც მეზობლები იხსენებენ, ხანძარი გამთენიისას, დაახლოებით 4 საათზე გაჩნდა.

ხანძრის შედეგად საცხოვრებელი კორპუსი მთლიანად დაიწვა. მეხანძრეების თქმით, დამწვარია დაახლოებით 2000-მდე კვადრატული მეტრი. 

დაზარალდა 20-ზე მეტი ოჯახი, არის მსხვერპლიც, გარდაცვლილია ცოლ-ქმარი. მეზობლების თქმით, იმის გამო, რომ ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა, მათ გარეთ გამოსვლა ვეღარ მოასწრეს, ხოლო მათი 11 წლის ქალიშვილი შენობიდან მაშველებმა გამოიყვანეს, ის შოკურ მდგომარეობაში იმყოფებოდა და იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

მეხანძრეების ინფორმაციით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში დაზიანდა თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის არქივის სხვენიც.

ამჟამად ტერიტორიის გასუფთავება მიმდინარეობს, გადარჩენილი ნივთები გარეთ გამოაქვთ, თუმცა, მოსახლეობის განცხადებით, არავის უთქვამს, თუ სად წაიღებენ ნივთებს, ან თავად სად გაათევენ ღამეს:

“დღეს უამრავი ადამიანი მოვიდა, მათ შორის გიგი უგულავაც, მოიყვანეს მანქანები, სადაც ჩვენს ნივთებს ალაგებენ, მაგრამ კონკრეტულად არავის უთქვამს, სად გადაიტანენ, ან ჩვენ რა ბედი გვეწევა”, – აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული ლონდა გიორგაძე. მისივე თქმით, ხანძარი სავარაუდოდ ახალმა ელექტროგამანაწილებელმა გამოიწვია, რომელიც კორპუსში “თელასმა” ცოტა ხნის წინ დააყენა.

ხანძრის გაჩენის ოფიციალური ვერსია ჯერჯერობით არ სახელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი