ახალი ამბები

მთავრობამ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია მოიწვია

6 აპრილი, 2012 •
მთავრობამ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისია მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, დღეს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლების გამოგზავნის მოთხოვნით, საერთაშორისო ინსტიტუტებს მოსაწვევი გაუგზავნა.

პრეზიდენტის პრეს-სპიკერის, მანანა მანჯგალაძის თქმით, ოფიციალური ფორმალური მოსაწვევი დაეგზავნა – ეუთოს ადამიანის უფლებების და დამოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (ODIHR), ეუთოს  საპარლამენტო ასამბლეას (OSCE PA), ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE), ნატოს საპარლამენტო ასამბლეას (NATO PA), ევროპარლამენტს და ევროკავშირის ინსტიტუტებს.

“იმის მიუხედავად, რომ უშუალოდ საარჩვენო  კამპანიის დაწყებამდე  არის გარკვეული დრო, საქართველოს მთავრობას სურს, ახლავე მოიწვიოს საერთაშორისო დამკვირვებლები საარჩევნო პროცესებზე  გრძელვადიანი დაკვირვების მიზნით. ჩვენი მიზანია  საპარლამენტო  არჩევნები  ჩატარდეს  მაქსიმალურად  გამჭვირვალედ, დემოკრატიულ,  თავისუფალ და  სამართლიან გარემოში. დარწმუნებულები ვართ,  რომ 2012  წლის ოქტომბერში  საქართველოში გაიმართა არჩევნები, რომელიც  სრულად უპასუხებს საერთაოშორისოდ აღიარებულ  სტანდარტებს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასევე თხოვნით მიმართა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს კეტრინ ეშტონს, რომ ევროკავშირმა დააფინანსოს მედია–მონიტორინგის პროექტი, მსგავსად 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს განხორციელებული მედია-მონიტორინგის პროექტისა.

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, კამპანია “ეს შენ გეხება”-ს ფარგლებში, ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (OSCE/ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევის შესახებ წერილით რამდენიმე კვირის წინ მიმართეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას. იგივე მოთხოვნას აყენებდნენ კოალიაცია “ქართული ოცნების” ლიდერები –დავით უსუფაშვილი და ირაკლი ალასანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი