საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო უფლების მინიჭებას ევროკავშირის წევრი ქვეყნის იმ მოქალაქისთვის, რომელიც დაიბადა და 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში, თვენახევარში განხორციელდება. ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” ცვლილებების ინიციატორმა დეპუტატმა, “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მიაწოდა.
მისი თქმით, 5 მაისამდე დაგეგმილია წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვები, რის შემდეგაც ცვლილებები დამტკიცდება და შევა ძალაში.
ცვლილებების შედეგად, შესაძლებელი იქნება, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქემ, რომელიც დაიბადა და 10 წელი ცხოვრობდა საქართველოში, არა მხოლოდ აირჩეს პარლამენტის წევრად, არამედ დაიკავოს პოლიტიკური თანამდებობა – პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის, პარლამენტის თავმჯდომარის.
თარგამაძე აცხადებს, რომ შესაძლოა უფრო შორს წავიდეს მისი ინიციატივა და ამავე უფლებით ისარგებლოს არა მხოლოდ ევროკავშირის წევრი ქვეყნის, არამედ აშშ-ის იმ მოქალაქეებმაც, რომლებიც დაიბადნენ საქართველოში და იცხოვრეს აქ 10 წელი.
საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების ინიციატივას, რომელიც გიორგი თარგამაძეს ეკუთვნის, მხარს უჭერს საპარლამენტო უმრავლესობა.