ახალი ამბები

ისარგებლებს თუ არა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებით?

6 აპრილი, 2012 •
ისარგებლებს თუ არა ივანიშვილი საკონსტიტუციო ცვლილებებით?

კოალიცია “ქართულ ოცნებაში” ჯერ არ უმსჯელიათ და, შესაბამისად, არ მიუღიათ პოლიტიკური გადაწყვეტილება, გამოიყენებს თუ არა ბიძინა ივანიშვილი გიორგი თარგამაძის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებებით გათვალისწინებულ უფლებას, რომელიც მას მოქალაქეობის გარეშე აძლევს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას.

ეს ინფორმაცია “ნეტგაზეთს” კოალიციის წარმომადგენელმა და ივანიშვილის ადვოკატთა ჯგუფის წევრმა არჩილ კბილაშვილმა მიაწოდა:

“კოალიციას ამაზე არ უმსჯელია და პოლიტიკური გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა მე გეტყვით ჩემს პირად აზრს: ჩვენ ყოველთვის ვმოქმედებდით მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა ჩვენ ესა თუ ის კანონი. ჩემი აზრით, ამ უფლებით სარგებლობა შესაძლებელი უნდა იყოს, მაგრამ ამაზე კოალიციის პოზიცია ჩემთვის ცნობილი არ არის”, – აცხადებს კბილაშვილი.

ადვოკატის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლის განხორციელებაც მხოლოდ ერთი ადამიანის, ივანიშვილის გამო იგეგმება, ემსაუხრება ხელისუფლების “პატივმოყვაროების” გადარჩენის მცდელობას:

“საქმე ის არის, რომ ხელისუფლება თუ ივანიშვილს მოქალაქეობას მისცემდა, ის მიიჩნევდა, რომ მისი იმიჯი საზოგადოების თვალში შეილახებოდა. მეორე მხრივ კი, მისი იმიჯი შეილახება, თუ ივანიშვილი არჩევნებში ვერ მიიღებს მონაწილეობას. აქედან გამომდინარე, მათ მონახეს გამოსავალი, მიაღწიონ შუალედურ პოზიციას და ივანიშვილს იგივე უფლებები მიანიჭონ, რაც საქართველოს მოქალაქეს აქვს, ოღონდ მას არ დაერქვას საქართველოს მოქალაქის სახელი. ამით არის მცდელობა, გადაირჩინონ საკუთარი პატივმოყვარეობა.”

კბილაშვილის თქმით, ამ საკონსტიტუციო ცვლილებების გამო ხელისუფლებას მოუწევს კანონთ მთელი პაკეტის ცვლილების განხორციელება:

“ამ ცვლილებით თუკი ევროკავშირის მოქალაქეს მიცემენ საარჩევნო უფლებას, მაშინ უნდა შეიცვალოს თანამდებობის (პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის, პრემიერ-მინისტრის) დაკავებასთან დაკავშირებული შეზღუდვაც. ასევე, შესაცვლელი იქნება ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის მოქალაქეს ქვეყანაში უვიზოდ ყოფნა 360 დღის განმავლობაში შეუძლია, ივანიშვილისთვის კი ეს პერიოდი 2012 წლის ოქტომბრის დასაწყისში იწურება.”

არჩილ კბილაშვილი აცხადებს, რომ ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას ივანიშვილის მოქალაქეობასთან დაკავშირებით:

“ამ დროისთვის არანაირი პასუხი არ მიგვიღია, არც დადებითი და არც უარყოფითი. საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონის 37-ე მუხლში წერია, რომ მოქალაქეობის მიღებაზე თანხმობის შემთხვევაში, პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, უარის შემთხვევაში კი – განკარგულებას. პრეზიდენტი ვალდებულია ეს გააკეთოს და თუ ამას არ გააკეთებს, ეს კიდევ სხვა დარღვევა იქნება”.

თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების საკითხზე პრეზიდენტი არაფერ შუაშია.

კბილაშვილის თქმით, ჯერ არც ისაა გადაწყვეტილი, რა იქნება მათი მხრიდან შემდეგი ნაბიჯი, თუკი პრეზიდენტი უარყოფით პასუხს გასცემს ივანიშვილს მოქალაქეობაზე:

“თუ პრეზიდენტისგან გვექნება უარყოფითი პასუხი, ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილი, გავასაჩივრებთ თუ არა ამას სასამართლოში”, – აცხადებს კბილაშვილი.

მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ხარვეზის გასასწორებლად მათ რამდენიმე დღე დამატებით გამოიყენეს თავის დროზე, როცა საბუთები წარადგინეს სამოქალაქო რეესტრში, პრეზიდენტს აქვს შესაბამისი დამატებითი დრო [კიდევ რამდენიმე დღე] საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 

მასალების გადაბეჭდვის წესი