საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი ამბობს, რომ ოპოზიციური ფრაქციის “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლის რატი მაისურაძის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მედიასაშუალებების დაჯარიმებას ითვალისწინებს, უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს.
“არანაირი მსგავსი შეზღუდვების შემოღება საქართელოში არ იგეგმება, შესაბამისად, ფუჭი აჟიოტაჟის ატეხვა ამ საკითხზე არ ღირს. ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს არ დავუჭერთ”, – აცხადებს კუბლაშვილი.
დეპუტატმა რატი მაისურაძემ საქართველოს პარლამენტში წარადგინა პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” დამატებების შეტანის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს ელექტრონული და ბეჭდვითი მედიასაშუალებები დაჯარიმებას იმ შემთხვევაში, თუკი ისინი ბრალდებული პირის მაიდენტიფიცირებელ ფოტო-ვიდეომასალას გამოაქვეყნებენ.
კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 1500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 3000 ლარით, ხოლო მესამედ ან მეტჯერ ჩადენის შემთხვევაში 10 ათასი ლარით არის განსაზღვრული.
კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობად მიიჩნია “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ”. აღნიშნული ორგანიზაციის პოზიციაა, რომ მსგავსი საკითხები ექვემდებარება მედიის თვითრეგულირებას და არა – სახელმწიფოს მხრიდან რეგულაციას.
ამავე თემაზე:
