კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე მიხეილ სააკაშვილისა და “ნაციონალური მოძრაობის” დანამატია.
აღნიშნული განცხადება ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 5 აპრილს დიპლომატებთან შეხვედრაზე განაცხადა.
“გუშინ თარგმაძემ გააკეთა განცხადება, თითქოს ახალი კანონის შემოღებას აპირებს. ამით მას უნდა ელემენტარულად გზას ააცდინოს საქართველოს მოსახლეობა და აჩვენოს, რომ თითქოს სააკაშვილი კანონიერების სივრცეშია და ახალ კანონს ეძებს და ჩემზე ზრუნავს. მან (გიორგი თარგამაძემ) კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე, რომ ის არის “ნაციონალური მოძრაობის” გაგრძელება და ის ჩვეულებრივი წევრია პარტიის. ჩვენ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი და ეს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები, რაც იქ მიიღება, არის ერთპარტიული გადაწყვეტილებების შედეგად მიღებული”, – აღნიშნა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ, გუშინ, 4 აპრილს “პრაიმ–თაიმის” პრეს–კლუბში გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტში საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება, რომელიც იმუშავებს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ახალი ინიციატივა იქნას განხილული.
“აუცილებელია, კონსტიტუციაში შევიდეს სპეციალური ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს წარმომადგენლები იგივე უფლებებით იქნებიან აღჭურვილი, როგორითაც საქართველოს მოქალაქეები”, – აღნიშნა თარგამაძემ.