საჯარო სკოლების დირექტორთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დაიწყო. დირექტორობის მსურველთა კომპიუტიზირებული გამოცდა 2012 წლის 12 აპრილამდე გაგრძელდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, საგამოცდო პროგრამა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს: საკანონმდებლო ბაზა, სასწავლო პროცესის ორგანიზება და შეფასება სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლის ფინანსური მართვა, ლოგიკური მსჯელობა და ადამიანური რესურსების მენეჯმენტი.
კონკურსანტებს ელექტრონული გამოცდის ჩასაბარებლად 2 საათი და 30 წუთი ეძლევათ. კონკურსში მონაწილეობას, დირექტორების მოვალეობის შემსრულებელთა გარდა, ის მოქალაქეებიც იღებენ, რომელთაც უმაღლესი განათლება აქვთ, მაგრამ აქამდე სკოლის დირექტორად არ უმუშავიათ.
საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდება.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველი ეტაპის, კომპიუტიზირებული გამოცდის წარმატებით გადალახვის შემთხვევაში, დირექტორობის მსურველი მეორე ეტაპს, გასაუბრებას გაივლის. თითოეული მათგანი გასაუბრებაზე სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული კომისიის წინაშე პრეზენტაციას წარადგენს.
ორეტაპიანი კონკურსის შედეგად შერჩეული პირები სპეციალურ სერტიფიკატებს მიიღებენ, რის საფუძველზეც მათ დირექტორობის უფლება 7 წლის ვადით მიენიჭებათ.
“სკოლებში ვაკანტურ ადგილებზე მათი წარდგენა კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე მოხდება, რის შემდეგაც თითოეული კანდიდატის არჩევაზე გადაწყვეტილებას სკოლის სამეურვეო საბჭო მიიღებს,”-ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.