ახალი ამბები

მურმან დუმბაძე ქსენოფობური განცხადებისთვის ბოდიშს იხდის

4 აპრილი, 2012 • • 1182
მურმან დუმბაძე ქსენოფობური განცხადებისთვის ბოდიშს იხდის

მურმან დუმბაძე საჯაროდ უხდის ბოდიშს რესპუბლიკური პარტის წევრ გიორგი მასალკინს ქსენოფობური განცხადების გამო. ამის შესახებ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ავრცელებს.

ივანიშვილის პრესსამსახურის ცნობით, დღეს, 4 აპრილს, ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ტელეკომპანია ”25-ე არხის” ეთერში, სტუდია ”ობიექტივის” გადაცემაში მურმან დუმბაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გიორგი მასალკინზე.

”მურმან დუმბაძე საჯაროდ უხდის ბოდიშს ქართულ საზოგადოებას და პირადად გიორგი მასალკინს, მისი ემოციური განცხადების გამო. მურმან დუმბაძეს მიაჩნდა და მიაჩნია, რომ საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, ქართული საზოგადოების სრულუფლებიანი წევრია,” – აცხადებს ივანიშვილის პრესსამდივნო. პრესსამდივნოსვე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ კოალიციის წევრებმა თავი უნდა შეიკავონ საჯარო პოლემიკისგან და პოზიციების შეჯერება შიდა დისკუსიების საფუძველზე მოხდეს.

31 მარტს მურმან დუმბაძემ  ტელეარხ 25-ის  პირდაპირ ეთერში,  “ობიექტივის” ჟურნალისტ  ირმა ინაშვილის გადაცემაში  “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელ გიორგი მასალკინზე შემდეგი განცხადებები გააკეთა:  

– “გიორგი მასალკინი არ არის გენით ქართველი. ვერ მიხვდა, რა არის საქართველო… ნახევარი წელი ვკამათობდით ამ საკითხზე. ოშკი გაგონილი არ აქვს, სანთელი არ დაუნთია. ოშკს მასწავლის ახლა გიორგი მასალკინი, რა არის?  … ქართველობაა მთავარი, ტერიტორიაა მთავარი, ღირსებაა მთავარი, სამშობლოა მთავარი, ჩემი წინაპრის სასაფლაოა მთავარი”. 

მურმან დუმბაძის განცხადებაზე რეაგირება 3 აპრილამდე არ მოუხდენიათ უფლებადაცვით ორგანიზაციებსა და კოალიცია ”ქართულ ოცნებას”. კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ფატქის შესახებ სწორედ 3 აპრილს შეიტყო ”ნეტგაზეთისგან”, რის შემდეგაც მან განაცხადა, რომ სიტუაციაში გაერკვეოდა და განცხადებას შემდეგ გააკეთებდა. 

ამავე თემაზე:

სიძულვილი და რეაქცია

ომბუდსმენი დუმბაძის განცხადებებს დისკრიმინაციულს უწოდებს


მასალების გადაბეჭდვის წესი