ახალი ამბები

ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს

4 აპრილი, 2012 •
ივანიშვილს საქართველოს მოქალაქეობაზე უარი უთხრეს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დღეს, 4 აპრილს ბიძინა ივანიშვილს უარი უთხრა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე.

საქოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეობა 2011 წლის 5 იანვარს არასწორად მოითხოვა.

”საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად ითვალისწინებს ორ პროცედურას: 1. ნატურალიზაცია: იმ პირთათვის, რომლებიც არ არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები; 2. ორმაგი მოქალაქეობა: მოქალაქეობის მინიჭება იმ პირთათვის, რომლებიც ამავდროულად არიან სხვა ქვეყნის მოქალაქეები.

საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს  ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.

მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს. მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში,” – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიძინა ივანიშვილსა და მის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის შემოდგომაზე შეუწყვიტეს, რაც სასამართლოში გასაჩივრდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ 2011 წლის 26 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა. მან კანონიერად მიიჩნია მოქალაქეობის ჩამორთმევა ბიძინა ივანიშვილისთვის, ეკატერინე ხვედელიძისთვის კი – უკანონოდ. 

კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა:”აბა, გაბედოს სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს! აბა, გაბედოს და უკან არ დაიხიოს!”

ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 იანვარს პრეზიდენტს მიმართა მოთხოვნით, ნატურალიზაციის გზით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. მას უკვე გაუუქმდა რუსეთის მოქალაქეობა და განცხადება შეტანილი აქვს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ამავე თემაზე:

ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი უახლოეს დღეებში გადაწყდება

ფანჯიკიძე: ივანიშვილს მოქალაქეობა აღუდგება

ივანიშვილს მოქალაქეობა აპრილში უნდა აღუდგინონ


მასალების გადაბეჭდვის წესი