ახალი ამბები

ივანიშვილის ადვოკატი უკანონოს უწოდებს რეესტრის გადაწყვეტილებას

4 აპრილი, 2012 • • 943
ივანიშვილის ადვოკატი უკანონოს უწოდებს რეესტრის გადაწყვეტილებას

კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი ზაქარია ქუცნაშვილი უკანონოს და სასაცილოს უწოდებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე.

“სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით და არა ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით”, – ნათქვამია რეესტრის განცხადებაში. 

“ეს არის უკანონო და სასაცილო განცხადება, იქიდან გამომდინარე, რომ მათ თქვეს, რომ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების მოსურნე პირი არ შეიძლება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქე. რადგან ის საფრანგეთის მოქალაქე იყო მიმართვის მომენტში, ამიტომ ეს დაუდეს მათ საფუძვლად, რაც უკანონოა. შესაბამისად, მინდა გითხრათ, რომ განსხვავება დაბადებასა და ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების მოთხოვნას შორის მდგომარეობს იმაში, რომ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების მოსურნე პირი უკვე არის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე და ის ნატურალიზაციის პროცედურების გავლით უკვე ითხოვს შენი ქვეყნის მოქალაქეობის მიღებას. აქედან გამომდინარე ის, რასაც ისინი ამბობენ, რომ მოქალაქეობის მიღების მოთხოვნის დროს ბიძინა ივანიშვილი არის საფრანგეთის მოქალაქე, რა თქმა უნდა, ციდან ვერ ჩამოვარდება პიროვნება, რადგან ამ პროცედურების მიმართვის დროს პირი უკვე არის რომელიმე ქვეყნის მოქალაქე”, – აღნიშნავს “ნეტგაზეთთან” ქუცნაშვილი.  

ამის დასამტკიცებლად კი ქუცნაშვილის პრეზიდენტის ბრძანებულება მოჰყავს და ამბობს:

“ეს რომ ასეა და კანონის შესაბამისობაშია, დასტურდება თავად პრეზიდენტის ბრძანებულებით. სადაც აღნიშნულია, რომ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების მოსურნე პირმა განცხადებით მომართვისას აუცილებლად უნდა მიუთითოს ის ქვეყანა, რომლის მოქალაქეცაა განცხადების შედგენისას და არის თუ არა მზად, რომ დატოვოს ამ ქვეყნის მოქალაქეობა. იმიტომ, რომ პიროვნება ციდან ხომ ვერ ჩამოვარდება, რომელიმე ქვეყნის მოქალაქე ხომ არის”, – მიიჩნევს ქუცნაშვილი.  

ის კატეგორიულად არ ეთანხმება იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მოსაზრებას, რომ ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებისას პირი არ უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის მოქალაქე.

“პირი ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებისას უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის მოქალაქე, შესაბამისად, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღებისას, რადგან პირი უნდა იყოს რომელიმე ქვეყნის მოქალაქე. აქედან გამომდინარე, ბიძინა ივანიშვილმა 28 დეკემბერს საფრანგეთის საელჩოს მიმართა განცხადებით, მოქალაქეობიდან გასვლის შესახებ და, შესაბამისად, ახლა ელოდება საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას”, – აღნიშნავს ზაქარეიშვილი.

შეგახსენებთ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დღეს, 4 აპრილს გავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ბიძინა ივანიშვილს ამჯერად უარი ეთქვა საქართველოს მოქალაქეობაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ”საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს  ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღების თხოვნით მიმართა. სხვა ქვეყნის მოქალაქის მიერ ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ბიძინა ივანიშვილს, როგორც სხვა ქვეყნის მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობის მიღების მიზნით უნდა მიემართა ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნით.

მსგავსი თხოვნით ბიძინა ივანიშვილს შესაბამისი ორგანოებისთვის დღემდე არ მიუმართავს. მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების დაცვის შემთხვევაში,” – წერია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კითხვაზე, რა იქნება სამომავლო სამოქმედო გეგმა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის, ქუცნაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თუ მათ სურვილი აქვთ, რომ ორმაგი მოქალაქეობა აღუდგეს ივანიშვილს, ეს სარჩელი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოში და შეუძლიათ იგი დააკმაყოფილონ.    

“ეს არის ასევე უკანონო და დროის გაჭიანურებაზე ორიენტირებული განცხადება.
აბსურდულ და უკანონო გადაწყვეტილებაში სამოქალაქო რეესტრმა ბრძანა, რომ თუ უნდა მოქალაქეობის მინიჭება, მოგვმართოს ორმაგი მოქალაქეობის განცხადებით. რადგან ბიძინა ივანიშვილს ორმაგი მოქალაქეობა ჰქონდა და ჩამოართვეს 2011 წლის ოქტომბერში. შესაბამისად, მათ თუ სურვილი აქვთ, რომ ორმაგი მოქალაქეობა აღუდგეს, ჩვენი სარჩელი არის თბილისის სააპელაციო სასამართლოში და შეუძლიათ ეს სარჩელი დააკმაყოფილონ და ამით სამართლიანობა აღდგება, როგორც აღდგა ეკატერინე ხვედელიძესთან მიმართებაში. კიდევ ვიმეორებ, ეს განცხადებები ემსახურება დროის გაჭიანურებას და თავისი არსით უკანონი და სასაცილოა”, – მიიჩნევს ქუცნაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი