ბიძინა ივანიშვილი ხვალ, 5 აპრილისთვის, ელოდება პასუხს საქართველოს ხელისუფლებისგან მოქალაქეობის მინიჭებასთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებს, რომ 5 აპრილი ბოლო ვადა არ არის.
ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის 5 იანვარს პრეზიდენტს მიმართა მოთხოვნით, ნატურალიზაციის გზით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა. მას უკვე გაუუქმდა რუსეთის მოქალაქეობა და განცხადება შეტანილი აქვს საფრანგეთის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს აქვთ სამთვიანი ვადა პირისთვის მოქალაქეობის მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად. ამ ვადის ათვლა კი მოქალაქეობის მსურველი პირის განცხადების მიღების დღიდან ითვლება.
კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განმარტებით, პროცედურით დადგენილია, რომ განცხადება მოქალაქეობის მიღების შესახებ წარედგინება ან უშუალოდ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს, ან საქართველოს საკონსულოს, რომელმაც ეს განცხადება სამ დღეში უნდა გადაუგზავნოს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს.
სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ უნდა მოამზადოს სათანადო დასკვნა, ანუ რამდენად შეესაბამება მოქალაქეობის მიღების მსურველი საქართველოს კანონმდებლობას, რამე წინააღმდეგობა ხომ არ არსებობს, რამდენად სწორია წარმოდგენილი საბუთები და ა.შ. მომზადებული დასკვნა უნდა გადაეცეს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, პრეზიდენტმა კი ამ დასკვნის საფუძველზე უნდა გამოიტანოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოქალაქეობის მინიჭების ყველა პროცედურა სამ თვეში უნდა ჩაეტიოს, თუმცა ამ სამ თვეში არ ითვლება ის დამატებითი დრო, რომელიც შეიძლება პირს დასჭირდეს დოკუმენტებში არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ხათუნა იოსავას თქმით კი, ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის გადასაწყვეტად ბოლო ვადა 5 აპრილი იმიტომ არ არის, რომ მას გარკვეული ხარვეზების გამოსასწორებლად რამდენიმე დღე დასჭირდა. აქედან გამომდინარე, იუსტიციის სამინისტროსა და პრეზიდენტს კიდევ რამდენიმე დღე აქვთ გადაწყვეტილების გამოსატანად. ხათუნა იოსავა ვერ აკონკრეტებს, ზუსტად რამდენ დღეში გაირკვევა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხი. მისი თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში, ხელისუფლება კანონიერ ვადებს არ გადააცილებს.
ხათუნა იოსავამ ასევე განაცხადა, რომ ივანიშვილის განცხადება მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოშია და კანონით განსაზღვრული დასკვნა საქართველოს პრეზიდენტისთვის ჯერ არ გადაუგზავნიათ.
თავის მხრივ, ბიძინა ივანიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე უკვე ათი დღეა ანონსდება, რომ მოქალაქეობა ივანიშვილს 5 აპრილს აღუდგება.
კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა:”აბა, გაბედოს სააკაშვილმა და მოქალაქეობა არ დამიბრუნოს! აბა, გაბედოს და უკან არ დაიხიოს!”
ბიძინა ივანიშვილსა და მის ცოლს ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა 2011 წლის შემოდგომაზე შეუწყვიტეს, რაც სასამართლოში გასაჩივრდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე შოთა გეწაძემ 2011 წლის 26 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის სარჩელთან დაკავშირებით განაჩენი გამოაცხადა. მან კანონიერად მიიჩნია მოქალაქეობის ჩამორთმევა ბიძინა ივანიშვილისთვის, ეკატერინე ხვედელიძისთვის კი – უკანონოდ. პრეზიდენტს სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
ამავე თემაზე: