იმ ადამიანებს, ვისაც სურვილი აქვს, დაეხმაროს უპატრონო ცხოველებს საკვებით, სამედიცინო პრეპარატებით ან სხვა მხრივ, “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება” დღეს, 17:00-დან 19:00 საათამდე ეპატიჟება ორგანიზაციის თავშესაფარში.
დღეს მსოფლიოში უპატრონო ცხოველთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. 4 აპრილი – უპატრონო ქუჩის ცხოველების თანაგრძნობის, მზრუნველობისა და დახმარების დღეა.
საქართველოში ეს დღე პირველად შარშან აღინიშნა “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების” ორგანიზებით: თბილისში, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან მოეწყო ცხოველთადამცველების აქცია, სადაც მოეწყო თავშესაფრების ბინადართა და სხვა უპატრონო ცხოველთა ფოტოგამოფენა. ასევე, შეკრებაზე მიიყვანეს თავშესაფრებიდან და ქუჩიდან უპატრონო ცხოველები. ცხოველთადამცველების მიერ შეიკრიბა თანხები, საკვები და მედიკამენტები უპატრონო ცხოველთა დასახმარებლად.
მსოფლიოში მილიარდზე მეტი უპატრონო ქუჩის ცხოველია.
“ამ დღეს, ისევე როგორც წლის ნებისმიერ სხვა დღეს, ჩვენი ორგანიზაციის აქტივისტები თანაუგრძნობენ და მზრუნველობენ ცხოველებზე. ნებისმიერ პირს აქვს შესაძლებლობა, რომ ამ დღეს გამოიჩინოს კეთილი ნება და დაეხმაროს უპატრონო ცხოველებს, თუ თვითონ ვერ მოახერხებს, ეს გააკეთოს ჩვენი ორგანიზაციის საშუალებით”, – აცხადებენ “საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოებაში”.
