ახალი ამბები

ივანიშვილი “ფორბს ჯორჯიასთან” ურთიერთობისგან თავს იკავებს

4 აპრილი, 2012 •
ივანიშვილი “ფორბს ჯორჯიასთან” ურთიერთობისგან თავს იკავებს

ბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახური განცხადებას ავრცელებს “ფორბს ჯორჯიას” მიერ საყევარიშვილის სტატიის შესაძლო გამოქვეყნებაზე. 

“ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ფორბს ჯორჯია“  გეგმავს რეზო საყევარიშვილის მიერ ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს გამოქვეყნებას. გვინდა განვაცხადოთ, ჩვენ „ფორბს ჯორჯიას“ წარმომადგენლები ჩავაყენეთ საქმის კურსში, რომ რეზო საყევარიშვილის თანხმობის გარეშე წინააღმდეგი ვიყავით მათ გამოცემაში  ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს დაბეჭდვის, ვინაიდან რეზო საყევარიშვილს სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ როგორც ჟურნალისტს, რომლისთვისაც ძვირფასია პროფესიული დამოუკიდებლობა. ამას გარდა, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, გამოცემა გეგმავს ინტერვიუს არასრული, დამახინჯებული ფორმით გამოქვეყნებას. ვაცხადებთ, რომ თავს ვიკავებთ აღნიშნულ გამოცემასთან  ურთიერთობისაგან, სანამ საზოგადოებას ეჭვი ექნება ამ ჟურნალის სარედაქციო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით”, – ნათქვამია განცხადებაში. 

განცხადების მიხედვით, რეზო საყევარიშვილმა  „ფორბს ჯორჯიას“ მთავარი რედაქტორის თანამდებობა ჟურნალის სარედაქციო  დამოუკიდებლობაში უხეშად ჩარევის, ცენზურისა და დამოუკიდებელი მედიის მუშაობის პრინციპების დარღვევის გამო დატოვა.

“კიდევ ერთხელ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ რევაზ საყევარიშვილს და ყველა ჟურნალისტს, ვისთვისაც ძვირფასია დამოუკიდებელი და თავისუფალი მედია და ვაცხადებთ, რომ ყოველთვის დავიცავთ მათ პროფესიულ დამოუკიდებლობას”.

რეზო საყევარიშვილმა “ფორბს ჯორჯიას” რედაქტორის თანამდებობა გასულ კვირას დატოვა, მიზეზად კი ცენზურა დაასახელა. მისი თქმით,  საქართველოში „ფორბს ჯორჯიას“ დამფუძნებელი კომპანიის „მედია პარტნერსის“ წარმომადგენელი გაგიკ ეღიაზარი ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს შემცირებას და ნაწილის ამოღებას მოითხოვდა.

“მედია პარტნერსის” განცხადებით კი, რეზო საყევარიშვილი კომპანიამ დაითხოვა თანამდებობიდან, რადგან ივანიშვილის ინტერვიუში რევაზ საყევარიშვილის მიერ დასმული კითხვების უმეტესება  კოპირებული იყო რუსული „ვედომოსტის” 2005 წლის 7 აპრილის სტატიიდან „არ მეგონა, თუ გავხდებოდი მილიარდერი”.

ამავე თემაზე:

„ფორბსის“ ნიუ–იორკის ოფისი „მედია პარტნერსთან“ კონტრაქტს გადახედავს

Media Partners-ი რეზო საყევარიშვილის გადადგომის შესახებ


მასალების გადაბეჭდვის წესი