საქართველოს პარლამენტში წარდგენილი პროექტი „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატებების შეტანის თაობაზე“ ითვალისწინებს ჟურნალისტების დაჯარიმებას 1500 ლარით, იმ შემთხვევაში თუ ისინი მოახდენენ „ბრალდებული პიროვნების მაიდენტიფიცირებელი ფოტო, ან ვიდეო გამოსახულების გაშუქებას“.
აღნიშნულ ცვლილებებს, რომლის პროექტი პარლამენტში დეპუტატმა რატი მაისურაძემ წარადგინა და რომელიც დასაბუთებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს კონსტიტუცია იცავს როგორც უდანაშაულობის პრეზუმფციას, ასევე, ადამიანის პატივსა და ღირსებას, მიუღებლად მიიჩნევს “საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” და მას აფასებს ჟურნალისტების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობად ხელისუფლების მხრიდან.
“ბრალდებულის მაიდენტიფიცირებელი მასალის გავრცელება არის მედიის თვითრეგულირების საკითხი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოექცეს ხელისუფლების რეგულირების სფეროში. მსგავსი მექანიზმი, შესაძლოა, გადაიქცეს ჟურნალისტების შეზღუდვის „კანონიერ“ და „ეფექტურ“ შესაძლებლობად”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო ავრცელებს.
დემოკრატიული ქვეყნების ეთიკის კოდექსები არეგულირებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობასა და საზოგადოებრივი ინტერესების დაბალანსების აუცილებლობას.
“მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილებას გაშუქებისას იღებს ჟურნალისტი საკუთარი პროფესიული სინდისის შესაბამისად. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი ინიციატივა წარმოადგენს გამოხატვის თავისუფლების, ჟურნალისტთა უფლებების შეზღუდვის კიდევ ერთ მცდელობას”.
“საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” მიუღებლად მიიჩნევს პარლამენტის ინიციატივას ჟურნალსიტთა მიმართ ადმინისტრაციული სახდელების შემოღების თაობაზე და მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, არ გაიზიაროს აღნიშნული ინიციატივა.