“წინასაარჩევნო გარემოს შეფასება ნაადრევია. ერთ-ერთი, რაც უკვე მაღელვებს, ეს დაბალანსებული გაშუქების ნაკლებობაა ზოგიერთი მაუწყებლის მხრიდან”, – ეს განცხადება აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა ბათუმის “პრესკაფეში” დღეს ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გააკეთა.
ჯონ ბასის თქმით, მას აოცებს ზოგიერთ ჟურნალისტში ცნობისმოყვარეობის დეფიციტი:
“როდესაც ჟურნალისტი არ სვამს რთულ კითხვას, არ ინტერესდება გარკვეული სფეროთი, არ ჩაეკითხება განსაკუთრებით ისეთ პასუხს, რომელიც ტოვებს გარკვეული კითხვების დასმის შესაძლებლობას, ეს ნიშნავს თავად ჟურნალისტის ცნობისმოყვარეობის ნაკლებობას, მაგრამ ,ამავე დროს, იმ პოზიციას, რომელიც აქვს ჟურნალისტის უკან მდგომ პროდიუსერს. ხშირად ვხედავთ, რომ კომენტარის მიღებისას ჟურნალისტი აღარ სვამს დამატებით კითხვას, არ უდგება სკეპტიკურად მიღებულ პასუხს. ეს შესაძლებელია ნაწილობრივ ასახავდეს როგორც თავად ჟურნალისტის ხარისხს, პროფესიონალიზმის დონეს, გამოცდილების ნაკლებობას ან მის ქონას”.
ელჩის თქმით, საქართველოში მითქმა–მოთქმაა, თითქოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეცვალა თავისი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და აშშ-ს ჰყავს საკუთარი კანდიდატი, ან ელის სასურველ შედეგს:
“გავიმეორებ, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას და მის სწრფვას დემოკრატიისკენ. ჩვენი მიზანია მხარი დაგიჭიროთ, რომ შეიქმნას კონკურეტუნარიანი გარემო და არჩევნები ჩატარდეს მაქსიმალურად თავისუფალ გარემოში, სამართლიანად. საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს პარლამენტი, რომელიც ასახავს საზოგადოებაში არსებულ აზრს და მრავალფეროვან შეხედულებებს. რაც შეეხება ლეგიტიმურობის კრიტერიუმებს – მნიშვნელოვანია, რომ წინსაარჩევნო პროცესში და შემდეგაც იყოს ნათელი წესები, ხოლო საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ წესების შესახებ. ეროვნულმა ორგანოებმა უნდა მიაწოდონ ამ წესებთან დაკავშირებული ინფორმაცია საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებსა და წევრებს. რა არის დასაშვები და რა არა, ამ სტანდარტის გაუმჯობესების საშუალება ჯერ კიდევ რჩება”, – განაცხადა ჯონ ბასმა.
ჟურნალისტებმა ელჩს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ კანონპროეტზეც (საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012) ჰკითხეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2013 წლის ფისკალური წლისთვის არავითარი დაფინანსება არ უნდა გამოეყოს ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტს ან სააგენტოს საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით მანამ, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს და არ მოახსენებს სენატის და წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
“პატივისცემით იმ სისტემისა, რომელიც მოქმედებს აშშ-ში აღმასრულებელ და საკანომდებლო რგოლებს შორის უფლებამოსილების გამიჯვნის თაობაზე, ჩემი მხრიდან არ იქნებოდა სწორი ამ კანონპროექტზე გავაკეთო კომენტარი, მაგრამ ვადასტურებ – ჩემს ქვეყანაში დიდი ინტერესია საქართველოს მიმართ. ამაზე ეს კანონპროექტი და ბევრი სხვა რამეც მეტყველებს”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.