ახალი ამბები

ივანიშვილი მურმან დუმბაძის ქსენოფობურ განცხადებაზე რეაგირებას აპირებს

3 აპრილი, 2012 •
ივანიშვილი მურმან დუმბაძის ქსენოფობურ განცხადებაზე რეაგირებას აპირებს

ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 3 აპრილს განაცხადა, რომ ის გაარკვევს და შესაბამისი რეაგირებით უპასუხებს კოალიცია ”ქართული ოცნების” წევრის, მურმან დუმბაძის ქსენოფობურ გამონათქვამს რესპუბლიკური პარტიის წევრ გიორგი მასალკინთან დაკავშირებით.

თბილისი მარიოტში ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ”ნეტგაზეთმა” ბიძინა ივანიშვილის ჰკითხა, მიაჩნდა თუ არა მურმან დუმბაძის განცხადება ქსენოფობურად და მოჰყვებოდა თუ არა ამას მისი მხრიდან რაიმე რეაქცია.

”არ მინახავს ეს განცხადება და თუ ასე თქვა დუმბაძემ, არ შეიძლება ასეთი გამონათქვამები,” – თქვა ბიძინა ივანიშვილმა. ”ქართული ოცნების” ლიდერი ასევე დაინტერესდა, თუ სად და როდის გააკეთა ეს განცხადება მურმან დუმბაძემ, რის შემდეგაც ”ნეტგაზეთმა” მას  გააცნო მურმან დუმბაძის გამონათქვამი.

“ქართული ოცნების” ასოცირებულმა წევრმა მურმან დუმბაძემ “ობიექტივის” ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან სატელევიზიო ინტერვიუს დროს, რომელიც 31 მარტს ბათუმის “25-ე არხის” სტუდიაში შედგა და ბათუმში აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგ აქციის ორგანიზებას შეეხებოდა, “რესპუბლიკური პარტიის” ბათუმის საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი მასალკინი, რომელიც პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვის დროს ამ აქციას გაემიჯნა, შემდეგი სიტყვებით მოიხსენია: “გიორგი მასალკინი არ არის  გენით ქართველი. ვერ მიხვდა, რა არის საქართველო… ნახევარი წელი ვკამათობდით ამ საკითხზე. ოშკი გაგონილი არ აქვს, სანთელი არ დაუნთია. ოშკს მასწავლის ახლა გიორგი მასალკინი, რა არის?  … ქართველობაა მთავარი, ტერიტორიაა მთავარი, ღირსებაა მთავარი, სამშობლოა მთავარი, ჩემი წინაპრის სასაფლაოა მთავარი”.

ბიძინა ივანიშვილმა ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ განაცხადა:  ”თუ არსებობს ამის ფაქტები, მე აუცილებლად მოვთხოვ მას განმარტებას და გავარკვევ ამ საქმეს. მე დავაზუსტებ და თუ ისე იყო, როგორც თქვენ ამბობთ, რა თქმა უნდა, ამას მოყვება შესაბამისი რეაგირება, თუმცა ამ ეტაპზე მინდა გადავამოწმო თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.”

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ მურმან დუმბაძე ”ქართული ოცნების” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი