ახალი ამბები

ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს შეხვდა

18 აგვისტო, 2016 • 1467
ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, სერგეი ნარიჟკინს შეხვდა. ბურჯანაძის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა დღეს, 17 აგვისტოს გაიმართა.

“შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო – რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების პერსპექტივებს, ასევე შექმნილ პოლიტიკურ მდგომარეობას შავი ზღვის აუზის რეგიონსა და ამიერკავკასიაში”,- ნათქვამია ბურჯანაძის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს ხვდება. 2015 წლის ივლისში მსგავსი შეხვედრა გაიმართა, სადაც ბურჯანაძემ და ნარიჟკინმა საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის ვიზების გამარტივების საკითხი განიხილეს, ვისაც რუსეთში ჩასვლა სურთ:

“ჩვენ სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ ვისაუბრეთ, თუნდაც საქართველოს გარკვეული მოქალქეებისთვის, რადგან ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც რუსეთთან მეტი ურთიერთობა სურს. ნარიჟკინთან შეხვედრისას მე ურთიერთგაგება დავინახე”,- აცხადებდა მაშინ ბურჯანაძე.

e01f744f-cf3a-4c44-99b7-5bef05ab1929

ნინო ბურჯანაძე რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს შეხვდა. ფოტო:ნინო ბურჯანაძის პრესსამსახური

ნინო ბურჯანაძე, რომელიც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტია “ნინო ბურჯანაძე -დემოკრატიული საქართველოს” სახელით მონაწილეობს, ამომრჩეველს უბლოკო სტატუსს ჰპირდება, რაც გულისხმობს, რომ საქართველომ უარი უნდა თქვას ნებისმიერ სამხედრო ბლოკში გაწევრიანებაზე, უფრო კონკრეტულად კი, ქვეყანას ნატოში ინტეგრაციაზე მოუწევს უარის თქმა. უბლოკო სტატუსის შესახებ ბურჯანაძემ საკონსტიტუციო ინიციატივა უკვე წარუდგინა საქართველოს პარლამენტს.

2008 წლის აგვისტოში საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო და რუსეთის მიერ  საქართველოს  ოკუპირებული ნაწილების ე.წ. აღიარების შემდეგ, საქართველომ გაწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან.

საქართველოს მთავრობის ცნობით, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაიღუპა 412 ადამიანი, მათგან 170 სამხედრო, 14 პოლიციელი, 28 სამოქალაქო პირი, დაკარგულად ითვლება 24 ადამიანი (10 სამხედრო და 14 პოლიციელი), თავისი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს დაიღუპა ერთი უცხოელი და ორი ქართველი ჟურნალისტი, და დაიჭრა ოთხი ჟურნალისტი, დაიჭრა საქართველოს 1747 მოქალაქე; ამათგან 973 იყო სამხედრო მოსამსახურე, 547 სამოქალაქო პირი და 27 პოლიციელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი