“პოლიტიკურად ისეთი ზეწოლა (კარგი გაგებით ვამბობ) ხორციელდება ხელისუფლებაზე, არსებობს უამრავი ხელმოწერა ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით, არსებობს საერთაშორისო ზეწოლა, ძალიან ბევრგან თქმულა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის არმიცემის, გაჭიანურების გამო საქართველოში არ არსებობს თანაბარი პირობები ყველასთვის პოლიტიკური ბრძოლისა. სააკაშვილი ვერ გაბედავს, რომ მას მოქალაქეობა არ მიანიჭოს”, – აღნიშნა “ქართული ოცნების” პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ დღევანდელ ტრადიციულ ბრიფინგზე.
ის გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრის მოადგილის თინა ბურჯალიანის პარლამენტში გაკეთებულ განაცხადებას ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე. ბურჯალიანმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილება კანონით დადგენილ სამი თვის ვადაში იქნება მიღებული, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ამ ვადას ოთხი დღე შეიძლება დაემატოს.
ფანჯიკიძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის საქმე არ არის ჩვეულებრივი. სწორედ ამიტომ არის, რომ ხელისუფლებას ამდენი დრო დასჭირდა გადაწყვეტილების მისაღებად.
“5 აპრილი იყო, ჩვენი აზრით, ბოლო ვადა, როდესაც უნდა გადაწყვეტილიყო, თუ რას აპირებს ხელისუფლება. ხელისუფლებისთვის ეს რომ იყოს ჩვეულებრივი რიგითი საქმე, ამას გადაწყვეტდა ძალიან მალე. მათ ეშინიათ იმისი, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა, იმიტომ, რომ ეს დაკავშირებულია მის შემდგომ პოლიტიკურ აქტივობასთან. მხოლოდ ამით აიხსნება ხელისუფლების ნაბიჯები ამ მიმართულებით. როგორც ჩანს, ეს სამი თვეც არ აღმოჩნდა საკმარისი რაიმე გადაწყვეტილების მისაღებად და ითხოვენ დამატებით დროს. ალბათ, 3–4 დღე, რაც მათ კიდევ დამატებით სჭირდებათ, შეიძლება კანონიერია. როდესაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კიდევ შეიძლება 3–4 დღით გადაიწიოს ამ საკითხმა, მე იმედი მაქვს, რომ იგი ამით კანონს არ არღვევს”, – ამბობს ფანჯიკიძე.
ის აქვე აღნიშნავს, რომ სწორედ საერთაშორისო ზეწოლის, საქართველოს მოსახლეობის ნებიდან გამომდინარე, სააკაშვილი ვერ გაბედავს, რომ მას მოქალაქეობა არ მიანიჭოს.
“ეს რამდენიმე გახანგრძლივებული დღე, საბოლოო ჯამში, ხელისუფლებას არაფერს მოუტანს. ჩვენ გვაქვს გეგმა და არაფერი შეიცვლება. ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს მის სახეს უფრო წარმოაჩენს. ჩვენს საქმიანობას ეს საკითხი ვერ შეაბრკოლებს, როგორიც არ უნდა იყოს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.
შეგახსენებთ, მოქალაქეობის მინიჭების საკითხზე ივანიშვილმა 5 იანვარს თხოვნით პრეზიდენტს მიმართა. განხილვის სამთვიანი ვადა კი 5 აპრილს იწურება.