საქართველოს პრეზიდენტმა ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენლებთან დღეს, თბილისში გამართული შეხვედრის დროს საქართველოში დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა. მიხეილ სააკაშვილმა “ეროვნული უსაფრთხოების საკითხი” უწოდა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს:
“შემთხვევითი არ არის, რომ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ჩვენმა მეზობელმა დანიშნა დიდი სამხედრო სწავლებები სექტემბრის მეორე ნახევარში და ეს დამთხვევა ნამდვილად არ არის. ამას გარდა, ყველა ღონეს იხმარს ამ არჩევნების დისკრედიტაციისთვის და, ერთი მხრივ, ძალის გამოყენებით ქართველები დააშინოს, ხოლო, მეორე მხრივ, ამავე ქვეყნიდან შემოსული ფულის გამოყენებით, ქართველი ამომრჩეველი მოისყიდოს. თუმცა, ვფიქრობ, 2008 წელმა კარგად აჩვენა, რომ დაშინებითა და მოსყიდვით საქართველოს ურყევი ნების შეცვლა შეუძლებელია”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
სააკაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოში საზოგადოებრივი აზრის კვლევის აუცილებლობაზე ისაუბრა:
“ჩვენი სურვილია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა ბევრი კვლევა ჩაატარონ და საფუძვლიანად გამოიკითხონ საზოგადოებრივი აზრი, რათა უცხო ქვეყნის ფულით დაქირავებულ სხვადასხვა ელემენტებს არჩევნების დღეს საზოგადოების აზრით მანიპულაციის საშუალება არ მიეცეს. ამიტომ, დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები საქართველოში, თუ შესაძლებელია, ყოველ კვირას ან ყოველ თვეს მაინც უნდა იკვლევდეს საზოგადოებრივ აზრს, რათა საქართველოში საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციის მსურველმა ვერ მოახერხოს არჩევნების პერიოდში მისი დისკრედიტაცია და შემდეგ, ამაზე დაყრდნობით, გარკვეული, არასასურველი პროცესების განვითარება და არეულობის გამოწვევა. სურვილის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, ამას ვერ მოახერხებენ, რადგან გვაქვს საქმე ბევრად უფრო განვითარებულ დემოკრატიასთან, ბევრად უფრო მყარ ინსტიტუტებთან და საკუთარ თავში ბევრად უფრო დარწმუნებულ საზოგადოებასთან.”
ერთ-ერთი ბოლო კვლევა საქართველოში ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტმა (NDI) ჩაატარა, რომელსაც კოალიაცია “ქართულმა ოცნებამ” კონტრპროდუქიული უწოდა, მოგვიანებით წერილი მიწერეს საქართველოში აშშ-ის ელჩს, სადაც მიმართეს წინადადებით, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში NDI-მ და IRI-მ შეწყვიტონ სოციოლოგიური კვლევებით პოლიტიკური რეიტინგების გაზომვა.
მიხეილ სააკაშვილმა დღეს ასევე ხაზი გაუსვა უცხოური სადამკვირვებლო მისიების მონაწილეობის აუცილებლობას საქართველოში წინასაარჩევნო და საარჩევნო პერიოდის მონიტორინგის პროცესში:
“ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ბევრი უცხოელი დამკვირვებელი და გვჭირდება არა მხოლოდ არჩევნების დღეს, არამედ დღესაც, ხვალაც, ზეგაც. რაც უფრო სწრაფად ჩამოვლენ მეთვალყურეები ევროპარლამენტიდან, ევროკავშირიდან, ეუთოდან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, მით უკეთესი. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა სააკაშვილმა.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, კამპანია “ეს შენ გეხება”-ს ფარგლებში, ეუთოს ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ბიუროს (OSCE/ODIHR) გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის საქართველოში მოწვევას უკვე რამდენიმე კვირაა მოითხოვენ წინასაარჩევნო კამპანიის მონიტორინგის მიზნით, თუმცა OSCE/ODIHR-ის გრძელვადიანი და მოკლვადიანი სადამკვირვებლო მისია ქვეყანაში იგზავნება მხოლოდ ამავე ქვეყნის მთავრობის მოწვევის საფუძველზე. შესაბამისად, სადამკვირვებლო მისიის მოწვევა თავად მიხეილ სააკაშვილის პრეროგატივაა.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღევანდელ შეხვედრას ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან 23 დეპუტატი და ქართველი კოლეგები ესწრებოდნენ. აღნიშნული ჯგუფი, ქართველ დეპუტატებთან ერთად, ხვალ ბაქოში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ევრონესტის პლენარულ სესიაში. ევრონესტი ევროპარლამენტის ინიციატივით შექმნილი საპარლამენტო ასამბლეაა, რომელიც აერთიანებს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის მონაწილე ქვეყნების პარლამენტარებსა და ევროპარლამენტის დეპუტატებს.




