“ქართული ოცნება” “სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან” არაკოალიიციური ფორმატით ითანამშრომლებს. ეს გადაწყვეტილება დღეს ბიძინა ივანიშვილსა და გია ჟორჟოლიანს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ იქნა მიღებული.
“გამოიკვეთა თანამშრომლობის ფორმატი მაჟორიტარებთან მიმართებით. კერძოდ, თუ „სოციალ-დემოკრატებს“ ეყოლებათ რომელიმე საარჩევნო ოლქში ძლიერი მაჟორიტარული კანდიდატი, კოალიცია მას მხარს დაუჭერს არჩევნებში მთელი თავისი რესურსით”, – ამ ინფორმაციას “ქართული ოცნების” პრეს-სამსახური ავრცელებს.
“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ ურთიერთგაგების შემთხვევაში, წინასაარჩევნო პერიოდში სხვადასხვა პარტიასთან არაკოალიციური ფორმატით თანამშრომლობა შესაძლებელია.
პოლიტიკურ კოალიცია “ქართულ ოცნება” 21 თებერვალს დაფუძნდა ოთხი პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით. ესენია: “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”, “საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, “თავისუფალი დემოკრატები” და “ეროვნული ფორუმი”. კოალიციის შემადგენლობაში ოფიციალურად არ ირიცხებიან, მაგრამ მასთან მჭიდროდ და აქტიურად თანამშრომლობენ “კონსერვატიული პარტია” და “ხალხის პარტია”.
კოალიციაში ინდივიდუალურად არიან გაწევრიანებულები სალომე ზურაბიშვილი (“საქართველოს გზა”) და გოგი თოფაძე (“მრეწველები”).
კოალიცია მზადყოფნას აცხადებს, მაჟორიტარ დეპუტატებთან დაკავშირებით ითანამშრომლოს სხვა ოპოზიციურ პარტიებთანაც.