დღეს, 30 მარტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით 86 მომხრე 6–ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს.
კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში მონაწილე არასამთავრობოებისა და მედია ორგანიზაციების ძალისხმევითა და პარლამნეტის იურიდიულ კომიტეტთან თითქმის ერთ თვიანი მოლაპარაკებების შედეგად “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში ცვლილებები შედის.
კერძოდ, კანონის ახლებურ ვარიანტში აღარ იარსებებს პოლიტიკურ პარტიასთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ პირთა ცნება;
- პოლიტიკური სიმპათიის ან ანტიპათიის გამოხატვის გამო კონტროლის პალატას
აღარ ექნება უფლება, პირს დაუწესოს შეზღუდვები;
- დავიწროვდება და მკაფიოდ განისაზღვრება იმ პირთა წრე, რომლებზეც გავრცელდება პოლიტიკური პარტიისათვის დაწესებული შეზღუდვები;
- განისაზღვრება ვადა, თუ როდემდე შეიძლება გავრცელდეს პირზე კონტროლის პალატის მიერ დაწესებული შეზღუდვები.
- პარტიებს გაეზრდებათ კონტროლის პალატისათვის ინფორმაციის მიწოდების ვადა 3-დან 5 დღემდე.
ახალ კანონპროექტში, 261 მუხლი ახლებური ფორმულირებით იქნება აღნიშნული, კერძოდ, მთლიანად უქმდება პარტიასთან დაკავშირბული პირის ცნება და ხდება მისი ახლებურად ფორმულირება.
კერძოდ, ამ თავით პარტიისთვის დადგენილი შეზღუდვები ვრცელდება
იურიდიულ პირზე, რომელსაც განცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს, ვრცელდება ამ თავით პარტიისათვის დადგენილი შეზღუდვები.
ფიზიკური პირი, რომელსაც განცხადებული აქვს საარჩევნო მიზნები და ამ მიზნებისათვის გასწევს ხარჯებს (გარდა კანონით დადგენილი ლიმიტების ფარგლებში განხორციელებული შემოწირულებისა), ვალდებულია შექმნას სპეციალური ფონდი. აღნიშნულ პირზე ვრცელდება დამოუკიდებელი კანდიდატისათვის საქართველოს საარჩევნო კოდექსის 54-ე და 55-ე მუხლებით დადგენილი შეზღუდვები.
კერძოდ, რა ფონდზეა საუბარი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ლელა ტალიური განმარტავს,
“ჩვენ ვამბობთ, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში გავრცელდეს ის წესები, რომელიც დამოკიდებულია მაჟორიტარ კანდიდატზე. ამ უკანასკნელზე კი დამოკიდებულია, რომ როდესაც ის განაცხადებს, რომ არჩევნებში სურს მონაწილეობა, სპეციალური ფონდი უნდა გახსნას, საიდანაც უნდა განკარგოს ეს საკითხები”, – აღნიშნავს ტალიური.
261–მუხლის ახლებური რეგულაციების გათვალისწინებით შეზღუდვები არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გამოხატვის თავისუფლებისა და სამოქალაქო აქტივობის განხორციელების წინააღმდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში თუ სახეზე აღარ არის 261 მუხლის პირველი და მეორე პუნქტებით განსაზღვრული გარემოებები, საქართველოს კონტროლის პალატა საკუთარი ინიციატივით ან 261 მუხლით დადგენილ შეზღუდვებს დაქვემდებარებული პირის განცხადების საფუძველზე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს პირისათვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.
ახალი კანონპროექტით ასევე განისაზღვრა, რომ პირისთვის ყადაღის დადება შეიძლება მხოლოდ სადავო თანხაზე (ქონებაზე) და არა პირის მთელ ქონებასა და ანგარიშებზე. კონტროლის პალატა პირის ქონებას ყადაღას ერთპიროვნულად ვეღარ დაადებს და ეს სანქცია სასამართლომ უნდა დაადასტუროს.
ასევე განისაზღვრა დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხარჯების ზედა ზღვარი შემდეგი წესით, კერძოდ, პარტიებისათვის საარჩევნო კამპანიაში დაშვებული ხარჯების ზედა ზღვარი (წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2 %) უნდა გაიყოს ქვეყანაში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე, მიღებული რიცხვი უნდა გამრავლდეს ამ საარჩევნო ოლქის ამომრჩეველთა რაოდენობაზე.
ხოლო წლის განმავლობაში წლის განმავლობაში პარტიის/ბლოკის მიერ გაწეული ხარჯის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.2%-ს.
რა ცვლილებები შევა “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” კანონში პარტიების დაჯარიმებასთან დაკავშირებით.
ამ მიზნით კანონის 27 მუხლს დაემატა 71 პუნქტი, რომლის მიხედვითაც დამატებით
განისაზღვრება, რომ, თუ შემოწირულობამ გადააჭარბა 500 000 ლარიან
ლიმიტს, კონტროლის პალატა პარტიას, რომელმაც მიიღო შემოწირულობა,
აცნობებს ამ დარღვევის შესახებ და, თუკი პარტია ამ შემოწირულობას 5 დღის ვადაში დაუბრუნებს შემომწირველს, არც მას და არც შემომწირველს ჯარიმა არ დაეკისრება.
ასევე გაუქმდა ნორმა, რომლის საფუძველზეც სუბიქტს შეიძლება შეჩერებოდა საარჩევნო
რეგისტრაცია, რაც, ფაქტობრივად, არჩევნებიდან მოხსნის ტოლფასი იყო.
რაც შეეხება ამომრჩეველთა მოსყიდვის საკითხს.
ვერ მოხერხდა შეთანხმება რომ დახმარების მიღებისათვის ამომრჩეველს არ
დაეკისროს პასუხისმგებლობა.თუმცა, მოთხოვნისთვის მას არ დაეკისრება პასუხისმგებლობა.
1641 მუხლში ამომრჩევლის მოსყიდვა, შემდეგია აღნიშნული
1. რომელიმე პოლიტიკური სუბიექტისათვის არჩევნებში ხმის მიცემის ან ხმის მიცემისაგან თავის შეკავების მიზნით, პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის (მათ შორის, ფინანსური ინსტრუმენტის), სხვა ქონების, ქონებრივი უფლების, მომსახურების ან სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა ან გაწევა 100 ლარზე მეტი ოდენობით, ანდა ამ მუხლით დადგენილი აკრძალვებისათვის თავის არიდების მიზნით მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგების დადება − ისჯება ჯარიმით.
2. იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით- ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.
ასევე ამომრჩევლისათვის 100 ლარამდე დახმარების გაწევისათვის პარტიას აღარ დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
შეგახსენებთ, 2011 წლის დეკემბერში უმრავლესობამ დაჩქარებული სახით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც სამოქალაქო საზოგადოებაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.