ახალი ამბები

მართლამდიდებელმა მღდელმა იეჰოვას მოწმეები შეურაცხყო

30 მარტი, 2012 •
მართლამდიდებელმა მღდელმა იეჰოვას მოწმეები შეურაცხყო

ქარელის რაიონულ პროკურატურაში დაწყებულია სისხლის სამართლის საქმის გამოძიება რელიგიური დევნის მუხლით.  საქმე ეხება მართლმადიდებელი სასულიერო პირის მიერ იეჰოვას მოწმეებისთვის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფი მიყენებას.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ცნობილი გახდა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ  28 მარტს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშით.

ომბუდსმენის ინფორმაციით, 2011 წელს სახალხო დამცველის სახელზე რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე განხორციელებული დევნის შესახებ მხოლოდ ერთი განცხადება შემოვიდა,  რომლის თანახმად, რელიგიური გაერთიანება იეჰოვას მოწმეთა მიმდევრებს,  გ.ხ.–ს,  გ.შ.–ს, ე.ხ.–ს და თ.ხ.–ს, ქარელის რაიონის სოფელ რუისში სამქადაგებლო–სამისიონერო საქმიანობის აღსრულებისას მართლმადიდებელმა სასულიერო პირმა,  მღვდელმა რ.–მ არაერთგზის მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა,  სცადა მათთვის რელიგიური ლიტერატურის ჩამორთმევა.  განცხადებაში აღნიშნულია,  რომ ერთ–ერთი ასეთი თავდასხმა 2011 წლის 16 დეკემბერს მოხდა. მღვდელი ავტომანქანით წამოეწია ე. ხ.–ს და თ.  ხ.–ს,  სიტყვიერად შეურაცხყო და შეეცადა მათთვის პირადი ნივთები წაერთმია.  აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 156–ე მუხლის (დევნა რელიგიურ ნიადაგზე) საფუძველზე.

”ნეტგაზეთი” შეეცადა გაერკვია, კონკრეტულად რომელმა სასულიერო პირმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა იეჰოვას მოწმეებს და რა ვითარებაში მოხდა ინციდენტი. საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნინო ერემაშვილმა განგვიცხადა, რომ ომბუდსმენის ოფისში იეჰოვას მოწმეთა განცხადება კონფიდეციალურობის დაცვის მოთხოვნით შემოვიდა, შესაბამისად, ომბუდსმენმა ინციდნეტში მონაწილე ყველა პირის სახელისა და გვარების ნაცვლად ინიციალები გამოიყენა და მათ ვინაობას ომბუდსმენის ოფისი ვერ გაამჟღავნებს.

ადვოკატმა მანუჩარ ციმინტიამ ”ნეტგაზეთს” დაუდასტურა, რომ გამოძიება რელიგიური დევნის ნიადაგზე ნამდვილად დაწყებულია.  როგორც ადვოკატი ამბობს, დაზრალებული იეჰოვას მოწმეებმა მას განუცხადეს, რომ  მართლმადიდებელ სასულიერო პირს, რომელმაც მათ შეურაცხყოფა მიაყენა, რაფაელი ჰქვია, თუმცა, ინფორმაცია სასულიერო პირის წოდებისა და მისი ზუსტი ვინაობის შესახებ, არა აქვთ.

სახელი ”რაფაელი” ნამდვილად შეესაბამება ომბუდსმენის, გიორგი ტუღუშის მიერ გავრცელებულ ინიციალს ”რ”.

ჩვენ დავუკავშირდით საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახურსა და სამდივნოს, სადაც განგვიცხადეს, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირის მიერ ინციდნეტში მონაწილეობის შესახებ არაფერი სმენიათ.

”ნეტგაზეთი” რუის-ურბნისის ეპარქიაში ესაუბრა ერთ-ერთ მონაზონს, დედა მავრას, თუმცა, 2011 წლის დეკემბერში, სოფელ რუისში მომხარი ინციდენტის შესახებ ვერც მან გაიხსენა ვერაფერი.  

სოფელ რუისში, ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარმა მამა დავითმა კი განგვიცხადა, რომ ამ ფაქტის შესახებ მასაც არაფერი გაუგია.

”რუისი ძალიან დიდი სოფელია, 12 ათასამდე კაცი ცხოვრობს და არ გამოვრიცხავ რომელიმე ქუჩაზე თუ მოხდა ეს ფაქტი,” – უთხრა მამა დავითმა ”ნეტგაზეთს”.

”ნეტგაზეთი” შეეცადა იუსტიციის სამინისტროში გაერკვია, რა ეტაპზეა გასული წლის დეკემბერში დაწყებული გამოძიება და ბრალი წაუყენეს თუ არა მართლამდიდებელ სასულიერო პირს. ჯერჯერობით, ამ ინფორმაციის მოპოვება სამინისტროსგან ვერ შევძელით.

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2011 წლის შესახებ წარმოდგენილ ანგარიშში წერია, რომ საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის სახელზე რელიგიურ ნიადაგზე განხორციელებული დევნის ერთი, დისკრიმინაციის ორი და სიტყვიერი შეურაცხყოფის ერთი განცხადება შემოვიდა.  ოთხივე შემთხვევაში განცხადებებში წარმოდგენილი.

გაეროს რასობრივი დისკრიმინაცის აღმოფხვრის კომიტეტმა საქართველოს 2001 წლის სექტემბერში მისცა რეკომენდაცია, რომ სისხლის სამართლის კოდექსში შევიდეს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც აიკრძალება რასისტული გამონათქვამები, რასისტული დისკრიმინაციის გამოწვევა, ასევე რსისტული რელიგიური, ეროვნული, ან ეთნიკური საფუძვლით ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევა.

საქართველოს ხელისუფლების ინიციატივით, პარლამენტში უკვე შესულია კანონპროექტი, რომელიც ამძიმებს პასუხისმგებლობას რელიგიური და ეთნიკური მოტივით ჩადენილი დანაშაულისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი