ახალი ამბები

”ქართული პარტია” აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგ

30 მარტი, 2012 •
”ქართული პარტია” აზიზიეს მეჩეთის წინააღმდეგ

,,ქართული პარტია“, ,,სახალხო კრებასთან“ და ,,წინააღმდეგობის მოძრაობასთან“ ერთად,  31 მარტს  ბათუმში  აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღმდეგ დაგეგმილი საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და მონაწილეა. ამის შესახებ ”ნეტგაზეთს” ”ქართული პარტიის” პრესსამსახურიდან აცნობეს.

“ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავდა, რომ მოლაპარაკებებს, მეჩეთების აღდგენა-აშენების საკითხზე, თურქულ მხარესთან 2006 წლიდან მართავდა. ამის შესახებ მხოლოდ 2010 წლის მიწურულს გახდა ცნობილი. ჩვენი პროტესტი გამოიწვია იმან, რომ მოლაპარაკებების პროცესი დახურული და გაუმჭვირვალე იყო, ასევე დარღვეულია კონსტიტუციური შეთანხმების 1-ლი მუხლის 1-პუნქტი, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოკიდებულების პრინციპის დაცვით მოსახლეობის საკეთილდღეოდ. აღნიშნული საკითხი უნდა წყდებოდეს მოსახლეობასთან შეთანხმებით და არა ფარული გარიგების საფუძველზე. თურქეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა. ეს ურთიერთობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, თუმცა ვთვლით, რომ თურქეთის ტერიტორიაზე არსებული, განადგურების პირას მისული ქართული ტაძრები, აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის საკითხს არ უნდა შეეწიროს, ამ მშენებლობის წინააღმდეგია საქართველოს საპატრიარქო, წმინდა სინოდი და მთელი მართლმადიდებელი მრევლი. „ქართული პარტია“ სრულად იზიარებს საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას,” – აცხადებენ ”ქართულ პარტიაში”.

ბათუმში აზიზიეს მეჩეთის მშენებლობის წინააღდმეგ დაგეგმილ საპროტესტო აქციას, “ქართული პარტიის” აჭარის რეგიონული ოფისების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან– პარტიის გენერალური მდივანი ირაკლი დოლაბერიძე, პოლიტიკური საბჭოს წევრები: თეო ტლაშაძე, რამაზ იოსელიანი, შალვა გოგიტიძე და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ეკლესიოლოგი, “ქართული პარტიის” წევრი ქეთევან პავლიაშვილი.

”ქრთულ პარტიაში” მიაჩნიათ, რომ ”ეს იქნება დიდი ეროვნული შეკრება. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ამ ხელისუფლებას, რომ მთავარი და გადამწყვეტი ხალხის აზრია.”

მასალების გადაბეჭდვის წესი