ახალი ამბები

სპეცოპერაცია თბილისში – გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

16 აგვისტო, 2016 • 1491
სპეცოპერაცია თბილისში –  გატაცებისა და თანხის გამოძალვის ბრალდებით 5 პირი დააკავეს

თბილისში, პეტრიწის ქუჩაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 16 აგვისტოს სპეცოპერაცია ჩაატარა და 5 პირი დააკავა.

დაკავებულებს ბრალი დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით თანხის ჯგუფურად გამოძალვასა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ ძალადობის გამოყენების მუქარით, თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედებათ.

მომხდართან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს-ის სპიკერის თქმით, გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალგაზრდა მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ შეუზღუდეს და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარით თანხა გამოსძალეს:

“თბილისში საღამოს საათებში ახალგაზრდა მამაკაცს თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, ავტომანქანაში ჩასვეს და დიღმის მასივში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანეს, სადაც თანხის გამოძალვის მიზნით ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ბრალდებულებმა დაზარალებულს წაართვეს პირადი ნივთები, მათ შორის ერთ-ერთი ბანკის პლასტიკური ბარათი, საიდანაც მოხსნეს მასზე არსებული თანხა. ბრალდებულებმა ასევე იძულების წესით ახალგაზრდა მამაკაცი თავის საცხოვრებელ სახლში მიიყვანეს, სადაც მის მეუღლეს 3500 ლარი გამოსძალეს. აღნიშნულის შემდეგ უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილი მამაკაცი დამატებით, 15 ათასი ლარის გადახდის პირობის სანაცვლოდ გაათავისუფლეს” – განაცხადა შსს-ის წარმომადგენელმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.

პირველი არხის გადამღები ჯგუფი, რომელიც მომხდარს შეესწრო, პეტრიწის ქუჩის მაცხოვრებლებს გაესაუბრა.

პეტრიწის ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრების თქმით, გარეთ ხმაურზე გამოვიდა, გამოსულმა კი შენიშნა, რომ ადგილზე სპეციალური დანიშნულების დანაყოფი ორ პიროვნებას აკავებდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ დაკავებულებს არ იცნობენ.

“ნამდვილად არ ვიცნობ, მიუხედავად იმისა, რომ მე აქ ვცხოვრობ, ისინი აქ მე არ დამინახავს” – ამბობს პეტრიწის ქუჩის მცხოვრები გიორგი ღვალიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი