ეკა ზღულაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესებულია ხაშურის პოლიციაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძის საქმის ობიექტური გამოძიებით, თუმცა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქიმერიძის გარდაცვალებას უბედური შემთხვევა უწოდა.
“ამ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით სამინისტროს ყველა თანამშრომლის წუხილს გამოვხატავ. გარდა იმისა, რომ ეს იყო უმძიმესი ტრაგედია ოჯახისთვის, თუ ეს ფაქტი ბუნდოვანი დარჩა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს ყველა იმ რეფორმასა და მიღწევას, რაც პოლიციაში გავატარეთ. ამიტომ ამ საქმის გამოსაძიებლად სამინისტრო დაინტერესბეულია”, – ეს განცხადება ზღულაძემ პარლამენტში გამართულ სამთავრობი საათზე გააკეთა, რომელზეც შინაგან საქმეთა მინისტრი დაიბარეს, თუმცა მერაბიშვილის ნაცვლად მისი მოადგილე მივიდა.
ზღულაძე ამბობს, რომ ქიმერიძის გარდაცვალების შემდეგ მინისტრის დავალებით უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა.
“გაიზარდა ხელმძღვანელი პირის პასუხისმგებლობა პოლიციის დაქვემდებარბულ შენობაში ნებისმიერი პირის დამატებით უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.
ყველა პოლიციელს აეკრძალა ქიმერიძის ოჯახთან ნებისმიერი კომუნიკაცია, მათ შორის სამძიმარზე მისვლა, იმიტომ, რომ ეს საგამოძიებო პროცესზე ირიბ ზეწოლად არ ჩათვლილიყო. ამასთან, მინისტრმა პირად კონტროლზ აიყვანა ის პოლიციელები, ვინც შენობაში შემთხვევის დროს იმყოფებოდნენ. ისინი ეფექტურად თანამშრომლობენ პროკურატურასთან. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, სამინისტრო თავის მორალურ პასუხიხისმგებლობას აცნობიერებს იმიტომ, რომ ქართულმა პოლიციამ შეძლო კრიმინალის დამარცხება საკუთარ სისტემაში”- განაცხადა ზღულაძემ.
სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს. 47 წლის ქიმერიძე 28 თებერვალ სოფელ ქვიშხეთში საკუთარი სახლიდან პოლიციელებმა გასასაუბრელად ხაშურის პოლიციის გამჭვირვალე შენობაში წაიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ კი ოჯახს მისი ცხედარი მიუსვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქიმერიძე პოლიციის შენობის მესამე სართულიდან თავისით გადმოვარდა და შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა.