ახალი ამბები

მერაბიშვილი პარლამენტში ”ფორსმაჟორული სიტუაციის” გამო არ მივიდა

29 მარტი, 2012 •
მერაბიშვილი პარლამენტში ”ფორსმაჟორული სიტუაციის” გამო არ მივიდა

შინაგან საქმეთა მინსიტრის მოადგილე ეკატერინე ზღულაძემ დღეს, 29 მარტს, პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ვანო მერაბიშვილი სამთავრობო საათზე სამინისტროში შექმნილი ”ფორსმაჟორული სიტუაციის” გამო არ მივიდა.

მინისტრის ნაცვლად სამთავრობო საათზე გამოცხადებულმა ეკატერინე ზღულაძემ ამის გამო პარლამენტარებს ბოდიში მოუხადა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, ”ფორსმაჟორულ სიტუაციაში” რა იგულისხმებოდა.

ეკატერინე ზღულაძის განცხადებით, საქართველოს სამართალდამცავ სტრუქტურებში სისტემური პრობლემები დაძლეულია, რასაც სახალხო დამცევლის ანგარიშიც ადასტურებს. მინისტრის მოადგილის თქმით, გარკვეული პრობლემები არსებობს, თუმცა, მთავარია, რომ შსს-ს ჰქონდს ამ პრობლემათა მოგვარებისა და დანაშაულზე სწრაფი რეაგირების ბერკეტები.

”მე ვიცი შსს-ს მინიმუმ 25 თანამშრომელი, რომელიც დაისაჯა ომბუდსმენის მომართვის საფუძველზე. ჩვენი სამინისტროს რეაგირება დაუყოვნებლივი იყო,” – განაცხადა ეკატერინე ზღულაძემ.

 შს მინისტრის მოადგილე პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ასევე გამოეხმაურა ქრისტიან-დემოკრატების წევრის, გიორგი ახვლედიანის შეკითხვას დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებულ სიტუაციაზე.

”ჩვენ ძალიან მძიმე დანატოვარი გვქონდა იზოლატორების სახით და იქ ადამიანის მოთავსება წამების ტოლფასი იყო. ბოლო 4 წლის მანძილზე თითქმის დავასრულეთ ყველა იზოლატორის გარემონტება. პირველი იანვრიდან ძალაში შევიდა და ახალი რეგულაციებით ავამოქმედეთ იზოლატორში გაუმჯობესებული პირობები,” – განაცხადა ზღულაძემ.

მან ასევე უპასუხა დეპუტატთა კითხვას პოლიციის პოლიტიზებასთან დაკავშირებით და თქვა, რომ პოლიციას, რომელიც პოლიტიზებულია, მოსახლეობის 87% არ ენდობა. მინისტრის მაოდგილის მტკიცებით, ქართულ პოლიციას საქართველოს მოსახლეობის სწორედ ეს რაოდენობა უცხადებს ნდობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი