ახალი ამბები

პარლამენტში მერაბიშვილი აღარ მივა

29 მარტი, 2012 •
პარლამენტში მერაბიშვილი აღარ მივა

ვანო მერაბიშვილი
ვანო მერაბიშვილი

სამთავრობო საათზე პარლამენტში საქართველოს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი არ მივა. ამის თაობაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა განაცხადა.

მერაბიშვილის ნაცვლად დეპუტატების შეკითხვებს მისი მოადგილე ეკატერინე ზღულაძე უპასუხებს.

ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” წარმომადგენლებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ჯონდი ბაღათურიან პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზი, სადაც სამთავრობო საათი უნდა გაიმართოს, პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი თქმით, მერაბიშვილის გამოუცხადებლობა ნიშავს მის გაქცევას ბრძოლის ველიდან.

“ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით ბოლო წუთამდე, რომ კითხვები დაგვესვა მისთვის და არა მისი მოადგილისთვის, ჩვენ არ ვაპირებთ მონაწილეობა მივიღოთ ამ შოუში და პროტესტის ნიშნად ვტოვებთ დარბაზს,” – განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

სამთავრობო საათი დღეს პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივით დაინიშნა. ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარემ, დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებმა სამთავრობო საათზე დაიბარეს შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი და იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი.

ადეიშვილის სამსახურებრივ მივლინებაში იმყოფება და ამის გამო წინასწარვე იყო ცნობილი, რომ დღევანდელ სამთავრობო საათს მისი მოადგილე თინა ბურჯალიანი დაესწრებოდა. თუმცა ამ დრომდე საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებდნენ, რომ ვანო მერაბიშვილი მონაწილეობას მიიღებდა დღევანდელ სამთავრობო საათში.

სამთავრობო საათის მოწვევის ინიციატორმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ მათ აქვთ 10 შეკითხვა მერაბიშვილთან და ადეიშვილთან, რომლებზეც მოითხოვენ მათგან შესაბამის პასუხებს. დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, შეკითხვები შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრების და საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილი კორუფციული ხასიათის კანონდარღვევებს, აგრეთვე, პოლიციელთა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებულ საკითხებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი