ახალი ამბები

კორძაია დემურ სტურუას გარდაცვალებაზე: აღშფოთებული ვარ პოლიტიკური სპექტრის ინდიფერენტულობით

15 აგვისტო, 2016 • 1411
კორძაია დემურ სტურუას გარდაცვალებაზე: აღშფოთებული ვარ პოლიტიკური სპექტრის ინდიფერენტულობით

საქართველოს პარლამენტის წევრი, რესპუბლიკელი თამარ კორძაია აცხადებს, რომ 22 წლის ახალგაზრდის, სავარაუდოდ, პოლიციელის შანტაჟის გამო თვითმკვლელობას პოლიტიკური სპექტრი გულგრილად შეხვდა.

12 აგვისტოს მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 22 წლის დემურ სტურუამ 7 აგვისტოს სამტრედიის რაიონში სავარაუდოდ თავი ჩამოიხრჩო . გარდაცვლილის წერილში საუბარია პოლიციელის მხრიდან ზეწოლაზე: “მემუქრებოდა გ.თ. მილიციელი. მილიციასთან უნდა ითანამშრომლოო, ვის აქვს და ვის არა მარიხუანა დათესილიო..”

კორძაიას განცხადებით, პარლამენტს შეუძლია, შინაგან საქმეთა მინისტრს მოსთხოვოს ანგარიში, თუ რისი გაკეთება შეიძლება ამ სიტუაციის გამოსასწორებლად.

“აღშფოთებული ვარ იმ ინდიფერენტულობით, რაც ამ ფაქტის მიმართ გამოავლინა პოლიტიკურმა სპექტრმა, იმიტომ, რომ ეს სამწუხარო ფაქტი აღვიქვი, როგორც ბრძოლა იმისთვის, რომ რაღაც გაკეთდეს ამ ქვეყანაში მანკიერი პრაქტიკის დასამარცხებლად. ჩემთვის ადამიანმა მოიკლა თავი და დატოვა წერილი იმიტომ, რომ საკუთარი თვითმკვლელობით ეჩვენებინა, რა საშინელება ხდება ამ ქვეყანაში. ამ ფონზე მხოლოდ და მხოლოდ გადადგომა და ის, რომ არც პროკურატურა, არც შინაგან საქმეთა მინისტრი, პასუხსიმგებლობას არ გრძნობენ, უკვე არის ყოველგვარ ზღვარს გადაცილება. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ უკვე გამოვლინდა გარკვეული ტიპის სისტემური პრობლემები და ჩვენ უნდა დავინახოთ, როგორ ხედავს ხელისუფლება ამ პრობლემებთან ბრძოლის შესაძლებლობას.

რა თქმა უნდა, ამისი ნაწილია ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის გადახედვა, ნარკოტიკული საშუალების მოხმარების დეკრიმინალიზაცია, იმიტომ, რომ დიახ, ამ შემთხვევაში შანტაჟის საფუძველი იყო მხოლოდ ის, რომ გარდაცვლილს სთხოვდნენ, ეთანამშრომლა პოლიციასთან მარიხუანის გამოყენებასთან დაკავშირებით, რაც მან არ გააკეთა. თუ ჩვენ მოვახდენთ დეკრიმინალიზაციას, ამ ნაწილში მაინც, ვიღაცებს წაერთმევათ შანტაჟის საფუძველი და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია. არ შეიძლება, ასეთი გულგრილები, ინდიფერენტულები ვიყოთ მომხდარი ფაქტის მიმართ,”- განაცხადა თამარ კორძაიამ ნეტგაზეთთან საუბრისას.

პოლიციელი, რომელიც წერილშია ნახსენები, თანამდებობიდან საკუარი სურვილით გადადგა. ამ დროისთვის უცნობია, წაუყენეს თუ არა ბრალი მას, ან ვინმე სხვას. პროკურატურაში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ “გამოძიება მიმდინარეობს”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი