ახალი ამბები

თეატრიდან დათხოვნილი თანამშრომლები კულტურის სამინისტროში მივიდნენ

29 მარტი, 2012 •
თეატრიდან დათხოვნილი თანამშრომლები კულტურის სამინისტროში მივიდნენ

მოზარდმაყურებელთა თეატრის თანამშრომლები, რომელთა თქმით, ბიძინა ივანიშვილის ფონდი “ქართუდან” მიღებული დახმარებების გამო თეატრიდან დაითხოვეს, დღეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდნენ. 

კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ორსაათიანი შეხვედრიდან გამოსული მოზარდმაყურებელთა თეატრის დათხოვნილი თანამშრომლები აცხადებენ, რომ მინისტრის მოადგილემ, მაკო ჭოღოშვილმა დეტალურად მოისმინა მათი პრეტენზიები თეატრის მმართველის, მიხეილ ანთაძის მიმართ და საქმის შესწავლას დაპირდა. 

მოზარდმაყურებელთა თეატრის დათხოვნილი თანამშრომლები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც თეატრში არსებული დარღვევების შესახებ მსახიობთა ნაწილმა კულტურის მინისტრს, ნიკოლოზ რურუას განცხადებით მიმართა, ისინი თეატრის მმართველმა დაითხოვა. 

მსახიობები განამრტავენ, რომ მათი სამსახურიდან დათხოვნა უშუალო კავშირშია ბიძინა ივანიშვილის საერთაშორისო ფონდ „ქართუდან“ მიღებულ ფულად დახმარებასთან, რომლის მიღებაც მმართველმა თანამშრომლებს აუკრძალა.

„საზოგადოებას მოეხსენება, რომ ბოლო ათი წელიწადი ქართული თეატრები მატერიალურ დახმარებას ვიღებთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუდან“. მიმდინარე წლის იანვარში მიხეილ ანთაძემ სადამსჯელო ზომები მიიღო თეატრის იმ თანამშრომლების მიმართ, ვინც არ შევწყვიტეთ აღნიშნული დახმარების მიღება. ყველა თანამშრომელს სთხოვდა ბანკ „ქართუდან“ ამონაწერების წარდგენას, წინააღმდეგ შემთხევაში, არ ურიცხავდა სახლემწიფო ხელფასს და არ უგრძელებდა ხელშეკრულებას. ეს იმ ფონზე, როდესაც 2010 წლის ორი თვის და 1011 წლის ოთხი თვის ხელფასები დღემდე გაუცემელია. მიხეილ ანთაძემ მარტის თვეში სპექტაკლების და რეპეტიციების განრიგის დაფაზე თანამშრომლებს გამოგვიკრა კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, რომლის შინაარსიც, სიმართლე გითხრათ, ვერ გავიგეთ,“- ამბობენ მსახიობები.

თეატრების მუშაკთა იმ ნუსხაში, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის ფონდიდან ფულად დახმარებას იღებდნენ, მიხეილ ანთაძე და მისი მოადგილე, ნინო პავლიაშვილიც არიან. „ქართუდან“ მიხეილ ანთაძის მიერ ერთი წლის მანძილზე მიღებული თანხა 11 400 ლარია, ხოლო მისი მოადგილის, ნინო პავლიაშვილის – 9 600 ლარი.

მსახიობების დათხოვნის შესახებ თეატრის მენეჯმენტი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი