საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხრეთ კორეის პრეზიდენტს ლი მიონ-ბაკს შეხვდა. მათ ორ ქვეყანას შორის სამომავლო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ლი მიონ-ბაკმა მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა უნდა განვითარდეს როგორც სავაჭრო-ეკონომიკური თვალსაზრისით, ისე სოფლის მეურნეობის, განათლების, ჯანდაცვისა და ენერგეტიკის მხრივ.
შეხვედრისას სეულისა და თბილისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულებაც დაიგეგმა. საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადადის. საუბრისას პრეზიდენტები საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსაც შეეხნენ. სამხრეთ კორეის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო არის ქვეყანა, რომელიც არაკორუმპირებული გარემოთი, გამჭვირვალეობითა და რეფორმების შედეგებით, უნიკალურია მთელ რეგიონში.
„მინდა აღვნიშნო, რომ ეს საოცრად სტუმართმოყვარე ქვეყანაა. ვფიქრობ, ჩვენ შორის ბევრი მსგავსებაა. ძალიან თბილი, დახვეწილი და სტუმართმოყვარე ხალხი ხართ. ეს მსგავსებები კარგად გვიჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება მუქარისა და ზეწოლის პირობებში განავითარო დემოკრატია, ეკონომიკა, საზოგადოება. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ძალიან სწრაფად ვითარდება. მას მერე, რაც პრეზიდენტი ვარ, ეკონომიკური მაჩვენებელი თითქმის გასამმაგდა. ჩვენ შევამცირეთ სიღარებე 52-იდან 18 პროცენტამდე. ჩვენ უფრო მეტი კორეული წარმომადგენლობა გვჭირდება საქართველოში. გუშინ ბიზნესმენებს შევხვდი და ისინი ასევე მიიჩნევენ, რომ სეულსა და თბილისს შორის პირდაპირი რეისები უნდა დაინიშნოს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
მხარეებმა ყურადღება სეულში გამართული ბირთვული უსაფრთხოების სამიტის მნიშვნელობასა და 2010 წლის ვაშინგტონის სამიტის შემდეგ მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს. ლიდერებმა სამიტის შედეგები შეაჯამეს და მას წარმატებული უწოდეს. მათ ორი ქვეყნის თანამშრომლობის პერსპექტივა ამ მიმართულებითაც დასახეს – ლი მიონ-ბაკის თქმით, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ქვეყანას, მეტად მნიშვნელოვანი როლი აქვს როგორც ზოგადად რეგიონისთვის, ისე კორეის რესპუბლიკისთვის.
„ბატონო პრეზიდენტო, ეს თქვენი პირველი ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში და ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტარტი იქნება. ჩვენ ძალიან კარგი წარმოდგენა გვაქვს თქვენს ხალხსა და თქვენს ქვეყანაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი მდგომარეობა ერთმანეთის მსგავსია – ორივეს გარს დიდი ქვეყნები გვაკრავს. ალბათ ამიტომაც არიან ქართველების მიმართ კორეელები დადებითად განწყობილი. ასე რომ, ერთმანეთს შეგვიძლია ბევრი რამ გავუზიაროთ. ახლა, როდესაც კორეაში ელჩი გყავთ, ეს კიდევ უფრო დააახლოებს ჩვენს ქვეყნებს“, – აღნიშნა ლი მიონ-ბაკმა.
სამხრეთ კორეაში საქართველოს პრეზიდენტი ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდა, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული პროექტების დაწყება დაიგეგმა – კორეელი ინვესტორები საქართველოში ორ ენერგეტიკულ პროექტს განახორციელებენ და რამდენიმე სასტუმროსაც ააშენებენ. ამას გარდა, პროექტები განხორციელდება ჯანდაცვის, განათლებისა და სპორტის სფეროებში. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, კორეელი ბიზნესმენები საქართველოში რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებენ, რაც დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას უზრუნველყოფს.
ასევე გადაწყდა, რომ მალე საქართველოში ჩამოვლენ კორეელი სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე შეისწავლიან ჩვენს ქვეყანაში არსებულ გარემოსა და შესაძლებლობებს. თბილისში გაიხსნება სამხრეთ კორეის საელჩოც.