ახალი ამბები

ობამასგან საჯარო პასუხს ითხოვენ

29 მარტი, 2012 •
ობამასგან საჯარო პასუხს ითხოვენ
მედვედევთან საუბრის საკითხზე ობამასგან საჯარო განმარტებას ითხოვენ. 
 
აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ჯონ ბონერმა პრეზიდნეტ ბარაკ ობამასგან საჯარო განმარტების გაკეთება მოითხოვა იმის შესახებ, გეგმავს თუ არა ის რუსეთთან რაიმე დათმობებზე წასვლას ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო ელემენტების განთავსების საკითხზე. 

“რამდენადაც მოიაზრება, რომ აშშ პოზიციებს შეცვლის, საჭიროა საჯაროდ განმარტოთ, რომ რუსეთთან ცალმხრივ დათმობას ადგილი არ ექნება არც არჩევნებდამდე, არც მის შემდეგ,”- ნათქვამია ობამასთვის მიწერილ წერილში. 

შეგახსენებთ, რომ სეულის ბირთვულ სამიტზე ერთმანეთს აშშ–ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა და რუსი კოლეგა დიმიტრი მედვედევი შეხვდნენ.

CNN -ის “თეთრი სახლის” კორესპონდენტის ბრიანა კეინალარის ინფორმაციით, კერძო საუბრებში პრეზიდენტებმა  აშშ–ის ეგიდით ნატოს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ევროპაში განთავსებაზეც გაამახვილეს ყურადღება.

“ეს არის ჩემი ბოლო არჩევნები,” – განუცხადა ობამამ მედვედევს კერძო საუბრებში, “ჩემი არჩევნების შემდეგ უფრო მოქნილი ვიქნები”.

“მესმის, ამ ინფორმაციას გადავცემ ვლადიმერ პუტინს”, – უპასუხა მედვედევმა.

ეს  დიალოგი შეხვედრის ბოლოს შემთხვევით ჩაიწერეს მიკროფონებმა, რომლებიც ოთახში ჩართული ჰქონდათ აკრედიტებულ  რეპორტიორებს.

უთანხმოება, რომელიც ამერიკასა და რუსეთს შორის არსებობს, ეხება შეერთებული შტატების მიერ ევროპაში რაკეტსაწინაღმდეგო სისტემის დამონტაჟებას. ანტისარაკეტო სისტემების განლაგება რუსეთ -ამერიკის ურთიერთობებში, “გადატვირთვის” პოლიტიკის მიუხედავად, პრობლემურ თემად რჩება.

რესპუბლიკელმა ოპონენტებმა ბრალი დასდეს პრეზიდენტს, რომ იგი ძალიან ღიად ალაპარაკდა ამ საკითხში რუსეთთან შესაძლო დათმობებზე. რესპუბლიკელებმა ასევე ნათლად დააფიქსირეს, რომ მათ არ სურთ შეიარაღების საკითხებში რუსეთთან მომავალი თანამშრომლობა.
 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი