კოალიაცია “ქართული ოცნებისა” და “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი განმარტებებს აკეთებს, თუ რა მოთხოვნებს აყენებს საკანონმდებლო ინიციატივა “საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012”, რომელიც აშშ-ის კონგრესში ორშაბათს შევიდა.
ხიდაშელის თქმით, აქტში წერია, რომ 2013 წლის ფისკალური წლისთვის არავითარი დაფინანსება არ უნდა გამოეყოს ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტს ან სააგენტოს საქართველოსთვის დახმარების აღმოჩენის მიზნით მანამ, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადასტურებს და არ მოახსენებს სენატის და წარმომადგენლობითი პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება თავისუფალ, სამართლიან, კონკურენტულ გარემოში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
ხიდაშელის განცხადებით, აქტის ერთადერთი მიზანია საქართველოში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა.
“ეს აქტი იწყება ძალიან მნიშვნელოვანი დებულებით, სადაც ვკითხულიობთ, რომ საქართველოსთვის დემოკრატია არის მთავარი სიძლიერე და საფუძველი საქართველოსა და ამერიკას შორის მეგობრობის. და შემდეგ რამოდენიმე პარაგრაფში საუბარია იმის შესახებ, რომ სწორედ დემოკრატიული საქართველო არის ერთადერთი შესაძლებლობა ამ ურთიერთოებების სიმტკიცის და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს და არ დაუშვან საქართველოს წინააღმდეგ რაიმე აგრესიული ქმედებებები. აქვე საუბარია, რომ სხვა ტიპის საქართველო, ანუ არადემოკრატიული საქართველო არის საფრთხის მატარებელი მთელი რეგიონისთვის და ამ პარტნიორობისთვის”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
მისივე თქმით, აქტში საუბარია იმ საფრთხეებზე, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას საქართველოში დემოკრატიას:
“აქტში საუბარია ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, დეკემბერში პარლამენტის მიერ მიღებული კანონის უარყოფით შედეგებზე, კონტროლის პალატის მიერ ჩატარებულ მოქალაეების დაკითხვებზე, დაკავებების საფრთხზე, რომელც რამდენიმე დღის წინ დაიწყო”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ამბობს, რომ აქტში განსაზღვრულია ის ინდიკატორებიც, რომლითაც მოხდება შეფასება, თუ რამდენად სამართლიანად ჩატარდა საქართველოში საპარლამენტო არჩევნები:
“1. არჩევნებზე დამკვირვებლების მონაწილეობა და ანგარიშები; 2. ოპოზიციური პარტიების შესაძლებლობები კამპანიის წარმოების დროს, ანუ რამდენად თანაბარი შესაძლებლობები ექნებათ ოპოზიციური პარტიებსა და კანდიდატებს, რომ კამპანია აწარმოონ და 3. რამდენად ჰქონდათ აქამდე ან ექნებათ არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილსა და “ქართული ოცნების” წარმომადგენლებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება. ამ წუთის მდგომარეობით ივანიშვილის მონაწილეობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან მას ჩამორთმეული აქვს მოქალაქეობა”, – აცხადებს თინა ხიდაშელი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ინტერნეტ–პორტალ “ევრაზიანეტის” ბლოგერმა ჯოშუა კუცერამ გამოაქვეყნას სტატია, რომელშიც ის საქართველოს ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის ვაშინგტონის ლობისტური კომპანიის შესახებ საუბრობდა.
მისი თქმით, ორშაბათს დემოკრატმა კონგრესმენმა ჯიმ მაკდერმოტმა წარადგინა კანონპროექტი “საქართველოს დემოკრატიის აქტი 2012”, რომელიც აშშ–ის მთავრობას მოუწოდებს, შეუწყვიტოს ყველანაირი სახის დახმარება (სამხედრო და სხვა სახის) საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ ოქტომბრის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში არ ჩატარდება.
კუცერა აღნიშნავს, რომ 9–გვერდიან კანონპროექტში ძირითადი აქცენტი ბიძინა ივანშვილზე კეთდება და მხოლოდ ივანიშვილი 13–ჯერ არის ნახსენები, სხვა ქართველ პოლიტიკოსზე კი არაფერია ნათქვამი (გარდა სააკაშვილისა, რომელიც დოკუმენტში დიქტატორის სტატუსითაა აღნიშნული).